6 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, „მიხეილ მესხის სტადიონზე", დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" და ეროვნული ლიგის 2023 წლის გამარჯვებული ბათუმის „დინამო".
თამაშის წინ სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა „საბურთალოს" მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელშიც მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანები მონაწილეობენ. ისინი ვიდეორგოლში შემდეგ სლოგანს ამბობდნენ: „აჭარა - აჭარლებს, თასი რჩება თბილისში".
მოგვიანებით, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის საპასუხოდ, „საბურთალომ" ბოდიში მოიხადა და ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მეტოქე გუნდის მიმართ პატივისცემა დაადასტურა.
„რადგან ფინალამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, საჭიროდ ვთვლით, გავაკეთოთ მცირე განმარტება.
პირველ რიგში, ვიდეორგოლის ერთადერთი მიზანი ჩვენი გულშემატკივრობის წახალისება იყო და ემსახურებოდა მხოლოდ სპორტულ ინტერესს.
ჩვენი მხრიდან, ბოდიშს ვუხდით ყველა იმ გულშემატკივარს, ვისთვისაც ვიდეომიმართვა ემოციური და სენსიტიური აღმოჩნდა.
საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა" და „დინამო ბათუმს" შორის საქმიანი თანამშრომლობა და მეგობრობა წლების განმავლობაში გრძელდება. ჩვენი პაექრობა მხოლოდ მოედანზეა და შეჯიბრის პრინციპიც მხოლოდ სპორტულია.
ვადასტურებთ პატივისცემას ჩვენი მეტოქისა და მათ გულშემატკივრის მიმართ, ჩვენს გულშემატკივარს კი ველოდებით თასის ფინალში, ერთად შევქმნათ საფეხბურთო ზეიმი მიხეილ მესხის სტადიონზე!" - ვკითხულობთ საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
ეროვნულ ლიგაში „საბურთალო" მე-6 ადგილზე გავიდა და UEFA-ს კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, აუცილებლად სჭირდება თასის ფინალში გამარჯვება.
ბათუმის „დინამოს", როგორც ეროვნული ლიგის გამარჯვებულს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობა გარანტირებული აქვს. ფინალში მოგების შემთხვევაში, ევროტურნირებზე საქართველოს თასის მფლობელისთვის განკუთვნილ კვოტას გამოიყენებს ეროვნული ლიგის მეოთხეადგილოსანი გორის „დილა".
2022 წელს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი ქუთაისის „ტორპედომ" მოიგო.