თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მიმდებარედ, მთაში, ხანძარია - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ იწვის ტყის ქვედა საფარი.
„ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ცეცხლი სოფელ ფშავლის მთაში რამდენიმე საათის წინ გაჩნდა, თუმცა ადგილობრივებმა კვამლი ცოტა ხნის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.
რადიო თავისუფლება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.