შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვებამ რეკორდულ დონეს მიაღწია. სექტემბერში ამერიკული ნავთობკომპანიები აწარმოებდნენ 13,2 მილიონ ბარელ ნავთობს დღეში, რაც აღემატება რუსეთისა და საუდის არაბეთის წარმოებას.
ნავთობის მოპოვების ზრდა პასუხი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე 2022 წლის თებერვალში, რის შედეგადაც ბარელი ნავთობის ფასმა $100-ს გადააჭარბა პირველად თითქმის ათი წლის განმავლობაში. ეს სტიმული გახდა ახალი ჭაბურღილების ბურღვისა, რომლებიც ახლა სრული სიმძლავრით იწყებს მუშაობას. ანალიტიკოსები მომავალ წელს პროგნოზირებენ ნავთობის მოპოვების ზრდას 500 ათასი ბარელით დღეში. ბუნებრივი აირის წარმოება აგვისტოში რეკორდულ დონემდე გაიზარდა.
შეერთებული შტატები დღე-ღამეში დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და ის მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორად იქცა. ამერიკული ნავთობის მთავარი მყიდველები არიან ევროპისა და აზიის ქვეყნები. ამერიკული ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდამ ხელი შეუწყო გასულ ზამთარში ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე კრიზისის თავიდან აცილებას.
წარმოების ზრდას და ნავთობის ფასების დაცემას მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები აქვს, ამბობენ დამკვირვებლები. ამან გააძლიერა ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთთან, ვენესუელასა და ირანთან მიმართებით და გაათავისუფლა ის იმისაგან, რომ ნავთობის გლობალური ფასების სტაბილიზაციისთვის თავის პარტნიორს, საუდის არაბეთს, ემყარებოდეს. ბენზინის ფასი შეერთებულ შტატებში გასული წლის შუიდან თითქმის 40 პროცენტით დაეცა, რაც სერიოზული არგუმენტია ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში.
ფედერალურ მიწებზე ენერგომატარებლების მოპოვების აკრძალვის შესახებ საარჩევნო კამპანიისას გაკეთებული დაპირებების საპირისპიროდ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ალასკაში ნავთობის ახალი მსხვილი პროექტების უფლება გასცა. მისმა ადმინისტრაციამ ასევე მცირე რაოდენობით ლიცენზიები გასცა სანაპირო შელფში ბურღვისთვის. გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილებები.