Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეცეპტების უკანონოდ გაცემის გამო რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ


ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ გამოავლინა რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, „შპს ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალები, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“, რომლებიც ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტებს უკანონოდ, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ პაციენტებზე.

მათ, მხოლოდ 2023 წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების 3457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს.

„დანიშნულების გაცემისას არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი“, - წერს ჯანდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას.

სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა. ამ დაწესებულების 3 ექიმს ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. „მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა“, - წერს უწყება.

საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

XS
SM
MD
LG