Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ზრდის სამხედროთა რაოდენობას შეიარაღებულ ძალებში


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რომელსაც მან ხელი უკვე მოაწერა, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა თითქმის 170 ათასი ჯარისკაცით გაიზრდება.

კრემლის ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულ ძალებში სულ 2 209 130 შტატიანი თანამშრომელი, მათ შორის, 1 320 000 სამხედრო მოსამსახურე იქნება.

ახალი განკარგულება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან, 2023 წლის პირველი დეკემბრიდან.

პუტინმა ასევე დაავალა რუსეთის მთავრობას, თავდაცვის სამინისტროსთვის საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან უზრუნველყოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯარის რაოდენობის ზრდის მიზეზად ასახელებს მოქალაქეების სურვილს, ხელშეკრულებით იმსახურონ სამხედრო სამსახურში.

სამინისტრომ არმიის რაოდენობის ზრდა ახსნა „ქვეყნის მიმართ მომატებული საფრთხით, რომელიც, მათი თქმით, ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა (ასე უწოდებენ რუსეთში უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას. რ.თ.) და ნატოს გაფართოებასთნ არის კავშირში“.

ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა, არმიაში ჯარისკაცების კრიტიკული დეფიციტის ფონზე. ამბობდნენ, რომ ჯარში 300 ათასამდე ადამიანი გაგზავნეს.

ნოემბრის ბოლოს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, უკრაინაში ომის განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი, სავარაუდოდ, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში განიცადეს.

თუმცა ეს განცხადება ეფუძნებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებს. ბრიტანული დაზვერვა ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ისინი ამ მონაცემს ბოლომდე ვერ ადასტურებდნენ.

რამდენი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ - უცნობია. აგვისტოში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დაკარგა 120 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და დაიჭრა 170-180 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG