"საზღვარზე ისევ აბსურდის თეატრი დამხვდა. „ვერხოვნა რადის“ თავმჯდომარის ხელმოწერილი მივლინება მაქვს, მაგრამ მესაზღვრეებმა არ გამიშვეს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მესაზღვრეები საკუთარი ინიციატივით მოქმედებდნენ“, - უთხრა 1 დეკემბერს უკრაინულ და დასავლურ მედიას პეტრო პოროშენკომ.
ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ბრალდების პასუხად უკრაინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს, რომ პოროშენკოს საზღვრის დატოვებაზე უარი „ვერხოვნა რადის“ მიერ მისი მივლინების გაუქმების გამო ეთქვა.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დეპუტატ პოროშენკოს მივლინების გაუქმების გადაწყვეტილება „ვერხოვნა რადის“ სპიკერის პირველ მოადგილეს, ალექსანდრ კორნიენკოს საიდუმლო გრიფის შემცველი წერილის მიღების შემდეგ მიუღია. წერილის შინაარსის გამჟღავნებაზე კი მმართველი პარტიის წარმომადგენელმა საიდუმლოების დაცვის მოსაზრებით უარი განაცხადა.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ მისი საზღვარგარეთულ მივლინებაში არგაშვების გადაწყვეტილება ოპოზიციაზე ზეწოლაა იმ დროს, როდესაც წინა დღით, 30 ნოემბერს, "ვერხოვნა რადის" ყველა საპარლამენტო ფრაქცია და სახალხო დეპუტატი საომარ ვითარებაში არჩევნების გადატანაზე შეთანხმდა.
"სრული აბსურდი და უგუნურების გამოვლინება"
რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედების გამო, უკრაინელი კანონმდებლების საზღვარგარეთ მივლინება მკაცრად არის რეგლამენტირებული და უშუალოდ „ვერხოვნა რადის“ სპიკერის წერილობით თანხმობას საჭიროებს.
მაგრამ როცა მივლინებაში ოპოზიციონერი სახალხო დეპუტატები მიდიან, საქმეს ზოგჯერ ოფიციალური წერილიც არ შველის.
ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 2022 წლის დასაწყისში ერთხელ უკვე არ გაუშვეს საზღვარგარეთ და მხოლოდ მესამე მცდელობის შემდეგ, 30 მაისს შეძლო პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადალახვა. როგორც "ევროპეისკაია პრავდა" წერს, მაშინ მესაზღვრეებმა პოროშენკოს საზღვარზე არგაშვების მიზეზად „მივლინების ნებართვის შესახებ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემა დაასახელეს".
ამჯერად პეტრო პოროშენკოს მივლინების ნებართვის მხრივ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა. მივლინების დოკუმენტს ხელი უშუალოდ „ვერხოვნა რადის“ სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა მოაწერა. დოკუმენტის ასლი ფეისბუკზე პარტია „ევროპული სოლიდარობის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ირინა გერაშჩენკომ გამოაქვეყნა.
მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით "ვერხოვნა რადის" სპიკერის მიერ ნებადართული მივლინება მისი მოადგილის, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლის, ალექსანდრ კორნიენკოს ხელმოწერით გაუქმდა. და, შესაბამისად, უკრაინელმა მესაზღვრეებმაც იხელმძღვანელეს არა სპიკერის, არამედ მისი მოადგილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რასაც პეტრო პოროშენკო და მისი თანამებრძოლები აბსურდულ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
"მით უფრო ასეთ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო ყურადღების ფოკუსი უკრაინიდან გადავიდა ახლო აღმოსავლეთში, ვხედავთ, თუ რა ხდება აშშ-ში, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანაში და იმის მაგივრად, რომ ყველანი შესაძლებლობის ფარგლებში დავდიოდეთ საზღვარგარეთ და ვავითარებდეთ ურთიერთობებს საპარლამენტთაშორისო დიპლომატიის ფარგლებში, ხელისუფლება, კონკრეტულად კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისი, ბლოკავს ოპოზიციის წარმომადგენელ ცალკეულ დეპუტატებს, რითაც ზეწოლას ახდენს ოპოზიციაზე" - უთხრა რადიო თავისუფლებას ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა ოლექსი ჰონჩარენკომ.
პეტრო პოროშენკო უფრო შორს წავიდა და საზღვრიდან უკან გაბრუნებას უკრაინის „თავდაცვისუნარიანობის წინააღმდეგ“ მიმართული „ანტიუკრაინული დივერსია“ უწოდა.
პოროშენკო ამტკიცებს, რომ ათობით შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი პოლონეთსა და შეერთებულ შტატებში. პოლონელებთან მას საზღვარზე უკრაინის მატარებლების ბლოკადის მოხსნის შესახებ უნდა ესაუბრა, ხოლო ამერიკელებთან - სამხედრო დახმარების დაფინანსების შესახებ.
"სიტუაცია ერთობ რთულია. ჩემი ვიზიტის პროგრამაში აქცენტი კეთდებოდა პრობლემურ რესპუბლიკელებთან შეხვედრაზე. ჩაიშალა ჩემი შეხვედრა (მაიკ) ჯონსონთან, წარმომადგენელთა პალატის ახალ სპიკერთან“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ პირდაპირ საზღვარზე ჩაწერილ ვიდეოში.
"მათ არ სურთ, სხვებს გაუყონ დაფნის გვირგვინები"
„ვერხოვნა რადის“ ვიცე-სპიკერმა, ალექსანდრ კორნიენკომ დაადასტურა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტისა და ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის, პეტრო პოროშენკოს მივლინების გაუქმების გადაწყვეტილება. ამის მიზეზად კორნიენკომ დაასახელა საიდუმლო გრიფის შემცველი წერილის მიღება, რომელიც განკუთვნილია „სამსახურებრივი სარგებლობისთვის“ და ამიტომ არ აქვს უფლება გაასაჯაროოს მისი შინაარსი.
კორნიენკოს განმარტებამ არ დააკმაყოფილა ხელისუფლების ოპონენტები, რომლებსაც მმართველი „ხალხის მსახურის“ დეპუტატებისგან განსხვავებით, ბოლო ხანს არაერთხელ შეექმნათ დაბრკოლება მივლინებაში წასვლის დროს.
„ასეთ ზეწოლას პირადად მეც არაერთხელ შევეჩეხე და მეც რამდენჯერმე არ გამიშვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა ღონისძიებაზე, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია ევროსაბჭოში. ამის თაობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცალკე ანგარიშს ამზადებს. თანაც ეს არის დიდი სისულელე და სრულიად მცდარი საქციელია“, - ამბობს ოლექსი ჰონჩარენკო.
პეტრო პოროშენკოსთვის მივლინების შეზღუდვის გამო მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებენ მედიის წარმომადგენლებიც.
“როგორც ჩანს, მმართველი "ხალხის მსახურის" ამოცანაა, აჩვენოს, რომ (მივლინებების დროს) მხოლოდ ისინი არიან დაკავებულები ომით, ოპოზიცია კი იქ უბრალოდ ისვენებს. როგორც ჩანს, მათ არ სურთ, როგორც ამბობენ, სხვებს გაუყონ დაფნის გვირგვინები. მმართველ პარტიას არ სურს, რომ ოპოზიცია ჩაერთოს რაიმენაირი გადაწყვეტილების მიღებაში, თუნდაც ეს იყოს დასავლეთთან ურთიერთობებსა და დიალოგში მონაწილეობა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას "უკრაინსკაია პრავდას" მიმომხილველმა იური პანჩენკომ.
თუმცა, გამარჯვების "დაფნის გვირგვინი", როგორც პანჩენკო ამბობს, უკრაინას ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს.
რუსეთის მიერ დამოუკიდებელი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში გარდატეხის შეტანა და მიღწეული მიზნის, ქვეყნის მთელი ტერიტორიის დეოკუპაცია, უკრაინისა და მისი მოკავშირეების დიდი რესურსების მობილიზებას საჭიროებს.
მოელიან, რომ ზამთარი გაართულებს საბრძოლო მოქმედებებს ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ, რომელსაც სასურველი შედეგები არ მოუტანია იარაღის და სახმელეთო ძალების ნაკლებობის გამო. მიუხედავად ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ დანებდება.
უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინის საჭიროებებს გადაფარავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარებას.
ხელისუფლების შეშფოთებასაც და ოპტიმიზმსაც თანაბრად იზიარებს უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა. ისინი 30 ნოემბერს შეთანხმდნენ ერთობლივ დეკლარაციაზე, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულებამდე და საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარებას დაუშვებლად მიიჩნევს.
"მე წარმოვადგენ ოპოზიციას და ოპოზიცია ყოველთვის არის დაინტერესებული არჩევნებით, რათა გაიმარჯვოს და გახდეს ხელისუფლება. მაგრამ ეს შეუძლებელია და არც არის საჭირო უკრაინის დღევანდელ ვითარებაში. არ არის საჭირო იმიტომ, რომ ჩვენ გაერთიანებული უნდა ვიყოთ ერთი საერთო მიზნის გარშემო: შევაჩეროთ მტერი და მივაღწიოთ გამარჯვებას. მეორე მხრივ, არჩევნების ჩატარება შეუძლებელია ომის პირობებში. წარმოიდგინეთ, არჩევნების დღეს რუსეთი ჰაერში აწევს მიგ-31-ს (შორი მოქმედების გამანადგურებელ-გადამტაცი თვითმფრინავი. რედ.). ამას მოჰყვება მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშის გამოცხადება, რომელიც შეიძლება მთელი დღე გაგრძელდეს, რადგან რუსეთის ერთი თვითმფრინავი დაჯდება და იქვე მეორე აფრინდება. როგორ უნდა ჩატარდეს ასეთ ვითარებაში არჩევნები? ალბათ მხოლოდ ბომბსაფრებში. ამდენი ბომბსაფარი ფიზიკურად არ არსებობს. და რომც იყოს, რამდენი ადამიანი მოვა ასეთ ვითარებაში ჩატარებულ არჩევნებზე? რამდენიმე მილიონი უკრაინელი საზღვარგარეთ იმყოფება დევნილობაში, მილიონამდე უკრაინელი ფრონტის ხაზზეა. ასე რომ, არჩევნების ჩატარება დღევანდელ სიტუაციაში შეუძლებელია და აქ ჩვენ ყველამ გამოვნახეთ საერთო ენა“, - ამბობს ჰონჩარენკო.
შესაბამის დეკლარაციას ხელი მოაწერეს სხვადასხვა სადეპუტატო ჯგუფმა და ყველა საპარლამენტო ფრაქციამ. მათ შორის, ფრაქცია „ბატკივშჩინის“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ, ფრაქცია „ჰოლოსის“ ლიდერმა ალექსანდრ უსტინოვმა, ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ თავმჯდომარე ირინა გერაშენკომ და მმართველი „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ.