Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო ორ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალში, უკრაინიდან გადასვენებული 3 ჯარისკაცი დაასაფლავეს


ცხინვალი. დაკრძალვის ცერემონიალი.
ცხინვალი. დაკრძალვის ცერემონიალი.

1 დეკემბერს ოკუპირებულ ცხინვალში დაასაფლავეს ადგილობრივი მცხოვრები აზამატ ბესტაევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. დაღუპულის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადეს დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ალან ალბოროვმა, რუსეთის და ე.წ. ელჩმა სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვმა.

ოსური მედიის ცნობით, აზამატ ბესტაევი რუსეთის მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზაზე მსახურობდა და იქიდან იყო გაწვეული უკრაინაში საბრძოლველად. სერჟანტი ბესტაევი ზაპოროჟიეს მიმართულებით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა, ის 28 წლის იყო. დარჩა ერთი შვილი. ბესტაევი, სიკვდილის შემდეგ „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა.

ბოლო ორ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკრაინიდან 3 მებრძოლი გადაასვენეს

25 ნოემბერს ოკუპირებულ ჯავის რაიონში დაასაფლავეს ადგილობრივი მკვიდრი ბაგრატ გასიევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის რიგებში იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, 36 წლის გასიევი, ასევე ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა. 22 ნოემბერს ცხინვალის სასაფლაოზე დაკრძალეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაღუპული ვლადიკ თედეევი. ისიც რუსეთის საოკუპაციო მე-4 ბაზაზე მსახურობდა.

ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან უკრაინაში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

XS
SM
MD
LG