Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი საკმარისად არ მიიჩნევს "საელჩოებთან მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე. მანამის შესახებ ისაუბრა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შეეხებოდა "საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ.

"მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს საზღვარგარეთ. ძალიან ბევრია მათ შორის არალეგალი და არაფერი არ კეთდება. არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესდა იმით, რომ იმ ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობენ არჩევნებში, გაიზარდოს. იმიტომ რომ ყველას ჰქონდა იმის ინტერესი, რომ იმ პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის მოკალათებული, არჩევნებში მონაწილეობა ითვლებოდა საკმარისად. და [ფიქრობდნენ] "რატომ ავიტკიოთ თავი და დავიწყოთ კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც უფრო რთული იქნებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდ ქვეყნებში მხოლოდ ერთი საარჩევნო უბნის გახსნა საკმარისი არ არის და დასძინა, რომ რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, ხმის მიცემის უბნების გაფართოებაში დაეხმაროს საქართველოს.

"ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანები, რომლებიც [ქვეყნის] გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ იქ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება, თუ არა საარჩევნო პროგრამით, ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ ადგილით, ხელფასით, გავლენით შვილებზე, მეუღლეებზე და ა.შ.", - თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოში მომავალი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. არსებული წესების მიხედვით, სრულად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი იქნება. როგორც წესი, საარჩევნო უბნები გაიხსნება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც საქართველოს საელჩო და წარმომადგენლობა აქვს.

XS
SM
MD
LG