Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ გმობენ რუსეთს


ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი(მარცხნივ) და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. სკოპიე, 2023 წლის 29 ნოემბერი
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი(მარცხნივ) და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. სკოპიე, 2023 წლის 29 ნოემბერი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას განიხილავს კარგ შესაძლებლობად, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში.

ბორელი იმყოფება სკოპიეში, რომელიც 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მასპინძლობს ეუთოს მინისტერიალს. სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

ფორუმის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ დიმიტარ კოვაჩევსკისთან ერთად 29 ნოემბერს, საღამოს, გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზეპ ბორელმა გასაგები უწოდა ეუთოს წევრი ზოგიერთი ქვეყნის პროტესტს, რადგან უკრაინის წინააღმდეგ ომით რუსეთი არღვევს ეუთოს პრინციპებსაც. ამასთან, ბორელის შეფასებით, ჩრდილოეთ მაკედონიის გადაწყვეტილება, ლავროვისთვის მიეცა სკოპიეში ჩასვლის შესაძლებლობა, შეესაბამება მრავალმხრივობის შენარჩუნების საერთო მიზანს და არის კარგი შესაძლებლობაც, ლავროვმა კიდევ ერთხელ მოისმინოს და შემდეგ კრემლში, პუტინს უამბოს, რატომ გმობენ რუსეთს, რატომ მოაქციეს იზოლაციაში და, რომ ევროკავშირი და ეუთო კვლავ გმობენ რუსეთის აგრესიულ და უკანონო ქმედებებს.

სკოპიეში ლავროვის ჩასვლით გამოწვეული პროტესტის გამო ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუიარ ოსმანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სკოპიეში ჩასვლა წარმოადგენს არა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტს, არამედ ვიზიტს ეუთოში, რომლის წევრი რუსეთიცაა.

2023 წლის სექტემბერში, სერგეი ლავროვს უარი არ ეთქვა არც აშშ-ში, ნიუ-იორკში, ჩასვლაზე გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაში მონაწილეობისთვის.

ჩრდილოეთი მაკედონია, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოა, ეუთოს მინისტერიალს მასპინძლობს, როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე.

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში(ეუთო), რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის და ცენტრალური აზიის 57 ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღება. რუსეთს ეუთოს პრინციპების ხელყოფის გარდა, ამ წესის ბოროტად გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც 21 ნოემბერს ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთმა ბელარუსთან ერთად დაბლოკა, ორგანიზაციის მომდევნო თავმჯდომარედ ესტონეთის არჩევა იყო.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა ეუთოს მისიამ, რომელიც მონიტორინგს უწევდა ვითარებას ცხინვალის რეგიონში.

სკოპიეში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში, მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

XS
SM
MD
LG