Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: ნატო მხარს უჭერს უკრაინის "გრძელვადიან და მძლავრ" დახმარებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ბრიუსელი, 29 ნოემბერი, 2023.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი (მარცხნივ) და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ბრიუსელი, 29 ნოემბერი, 2023.

29 ოქტომბერს ბრიუსელში „უკრაინა-ნატოს“ საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ეს საბჭო ნატოს ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებით შეიქმნა მიმდინარე წლის ზაფხულში, მაშინვე გაიმართა პირველი სხდომა სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე.

29 ნოემბრის სხდომაზე მოიწონეს ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის წლიური გეგმა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა მომავალში ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრი გახდება. მან მაღალი შეფასება მისცა წარმატებებს, რომლებსაც მიაღწია უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში - კერძოდ, მის მიერ შავი ზღვის აკვატორიის იმ ნაწილის ნახევრის დაბრუნებას, რომელიც რუსეთს ჰქონდა ხელში ჩაგდებული ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ კიევმა მოახერხა განეხორციელებინა ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების ნაწილი. კერძოდ, ლაპარაკია თავდაცვითი შესყიდვების სისტემის ტრანსფორმაციასა და სპეცსამსახურების რეფორმაზე.

ასევე სტოლტენბერგმა გამოსვლაში ისაუბრა უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ. მისი სიტყვებით, შარშან თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა მოკლული და დაჭრილი მეომრების სახით დაკარგა 300 ათასი ადამიანი. „სამხედრო თვალსაზრისით რუსეთმა დაკარგა თავისი ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. კერძოდ, მისი სიტყვებით, რუსეთმა დაკარგა ასობით თვითმფრინავი და ათასობით ტანკი. უკრაინის მხარის დანაკარგებზე მას არ უსაუბრია.

აგვისტოში The New York Times-ი წერდა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებით, რუსეთის მხარის დანაკარგები 120 ათას დაღუპულსა და კიდევ 170-180 ათას დაჭრილს შეადგენს ანუ დაახლოებით 300 ათასს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ იტყობინება დანაკარგების რაოდენობას. ღია წყაროებით მოხერხდა რუსეთის მინიმუმ 37 ათასი ჯარისკაცის დაღუპვის დადასტურება.

რუსეთის დანაკარგებზე საუბრისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ დიდი დანაკარგები არ ნიშნავს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რომელიმე ერთი ტიპის იარაღის, მაგალითად, გამანადგურებლების მიწოდება, ვერ შეძლებს კონფლიქტის გადაწყვეტას მის სასარგებლოდ, აუცილებელია კომპლექსური დახმარება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ნატოსთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა თავდაცვითი მრეწველობის გაერთიანება და უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაზრდა. მან ასევე დაადასტურა, რომ ომში უკრაინის მიზანი კვლავაც რჩება საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. კულებას თქმით, იყო დისკუსიები დასავლეთის ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების გაერთიანებაზე იარაღის წარმოების გასაზრდელად. კულებას სიტყვებით, ევროკავშირმა ამ მომენტისთვის უკრაინას 300 ათასამდე საარტილერიო ჭურვი მიაწოდა დაპირებული მილიონიდან.

შეხვედრა შედგა დისკუსიის ფონზე უკრაინის სტრატეგიისა და მისი შემდგომი მხარდაჭერის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ ფრონტის ხაზი უკვე დიდი ხნის განმავლობაში რჩება უცვლელი. როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლიკენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ნატოელ მოკავშირეებს შორის „არ შეინიშნება დაღლილობის გრძნობა“, როცა საქმე უკრაინის დახმარებას ეხება. „როცა ვუსმენდი მაგიდის გარშემო მსხდომ ყველა ჩვენს კოლეგას, ყველა მხარს უჭერდა უკრაინის მძლავრ და გრძელვადიან დახმარებას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

XS
SM
MD
LG