რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დადებითად შეაფასეს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის შესახებ.
„აპლოდისმენტები. როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებში, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გამოაჩინა გამბედაობა, არ დამორჩილებოდა ანტირუსულ ისტერიას და იეხელმძღვანელა, პირველ რიგში, ეროვნულ ინტერესებსა და საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოზიციით. ასეთი პრიორიტეტებით საქართველოს ეკონომიკა განუხრელად იზრდება და ზედიზედ ორი წელია ორნიშნა ზრდას უჩვენებს. სხვათა შორის, რუსი ტურისტები კარგ შემოსავალს აძლევენ ქვეყანას“.
დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აღნიშნავს, რომ ეს ხდება „ანტირუსული სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების ფონზე“.
ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ნოემბრის დასაწყისში მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის, შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე.
„ასეთი „შორსმჭვრეტელი“ ევროპელი ჩინოვნიკების წყალობით, ევროპა სულ უფრო მეტად გადაიქცა მე-6 პალატად დეგრადაციის კლინიკური ნიშნებით. მათ შორის ყველა სფეროში - ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ-მორალურში. და როგორც ჩანს, საკმაოდ გადამდებია. პოლიტიკური დემენციის მეტასტაზებმა მიაღწია კიევს, სადაც რეალობის გრძნობის სრულად დაკარგვის შემდეგ, ისინი სერიოზულად განიხილავენ ქალაქების სახელების შეცვლის საკითხს ყირიმში, უკრაინისთვის უცხო ტერიტორიაზე. ეს სიგიჟეა თუ დემენცია? ორივეს ნიშნები აშკარად სახეზეა“.
მანამდე ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა „საქართველოს დაცვის აქტი“, რომელიც ემსახურებოდა რუსული გავლენის შეზღუდვას. პარლამენტის ბიურომ დოკუმენტს მსვლელობა არ მისცა და ავტორებს უკან დაუბრუნა. 9-პუნქტიანი დოკუმენტი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება - სავიზო რეგულაციის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;
- დასაქმების ბაზრის დაცვა (ეს პუნქტი ზღუდავს რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას);
- მიწის გაყიდვის შეზღუდვა (აკრძალვა);
- რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა;
- რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;
- რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;
- პირდაპირი ფრენების აკრძალვა;
- რუსულის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;
- რუსული ფონდების აკრძალვა.
მოგვიანებით პარტიას "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა თავის მოტყუება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესების ტოლფასი.
„წელიწად-ნახევარია საქართველოს პოლიტიკა არის ის, რომ სანქციებს არ ვაწესებთ. ახლა გაიგეთ? ამ რეზოლუციის დაინიცირება გჭირდებოდათ, ეს რომ გაგეგოთ?
თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დათვალოთ და ისე შემოიტანოთ ეს რეზოლუციის პროექტი. რაც შეეხება პოლიტიკას და მხარს რას დავუჭერდით, რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერდით. გაცხადებულია ეს პოლიტიკა წელიწად-ნახევარია. რაც შეეხება სანქციების დაწესებას, სანქციებს არ ვაწესებთ. სხვათა შორის, სანქციების დაწესებას ოპოზიცია ხან ეთანხმებით, ხან არ ეთანხმებით ხოლმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 27 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მაღალჩინოსნები იწონებენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისთვის. 17 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების აღმკვეთი კომისიის ხელმძღვანელმა ანდრეი კლიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია „გამოდის თავისი სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან“.
RT-სთან ინტერვიუში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.