კონკურენციის სააგენტომ ბათუმში გამოავლინა კვების 9 ობიექტი, რომლებსაც მენიუ ქართულ ენაზე არ ჰქონდათ. დადგინდა, რომ დაწესებულებებში შესულ მომხმარებლებს არ შეეძლოთ სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია.
სააგენტომ შეისწავლა სულ 11 ობიექტში არსებული მდგომარეობა. მათგან დარღვევა გამოვლინდა შპს „ქიზილ 2023-ის", შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ დაწესებულებებში. რადიო თავისუფლებას კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურში უთხრეს, რომ უმეტესწილად მათ ჰქონდათ რუსულენოვანი მენიუები.
ობიექტებს, რომლებშიც დარღვევა აღმოაჩინეს, დაევალათ მენიუები ერთი თვის ვადაში შექმნან ქართულ ენაზე და შეძლონ კლიენტების სახელმწიფო ენაზე მომსახურება.
კონკურენციის სააგენტომ ამ საკითხის შესწავლა ზაფხულში დაიწყო.