ავიაკომპანია Georgian Airways-ი 10 დეკემბრიდან თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთები უკვე იყიდება.
პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ოთხშაბათს და კვირას.
ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის ოპერატორის, შპს „Воздушные ворота северной столицы-ის" პრესსამსახურმაც.
ავიაკომპანია Georgian Airways-ს, საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ახალი რეისების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის ასრულებს პირდაპირ რეისებს. სანქტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით კი დაფრინავს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი.
მანამდე თბილისიდან Georgian Airways-ის რეისის შესრულებაზე ინფორმაცია გამოჩნდა მაჰაჩყალის აეროპორტის განრიგში. თუმცა ავიაკომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ წელს თბილისიდან მაჰაჩყალაში ფრენები არ განხორციელდება და მომავალი წელიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ცნობა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მაჰაჩყალის, ასევე თბილისი-სანქტ-პეტერბურგისა (10 დეკემბრიდან) და ბათუმი-მოსკოვის (12 დეკემბრიდან) მიმართულებებით იფრენს, ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა.
დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა კვირაში 58-ს მიაღწიოს. რუსული Red Wings-ის ფრენები იგეგმება რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებებით (ჯამში 23 ფრენა კვირაში).
მიუხედავად იმისა, რომ რუსული კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ოფიციალურ უწყებას შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
რუსეთიდან საქართველოში დაფრინავს ავიაკომპანია „აზიმუტიც“. კერძოდ, მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი, მინვოდი – თბილისი – მინვოდის რეისებზე.
მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების უფლება მისცა.