აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებულ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ომში ჰუმანიტარული პაუზა კიდევ ორი დღით გაგრძელდება. ამის შესახებ განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. „ჰამასის“ სპიკერმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ შეთანხმება გაგრძელება. ოფიციალური დადასტურება ჯერ არ ყოფილა ისრაელის მხრიდან.
წინა შეთანხმებით, პაუზა 28 ნოემბერს, ღამით უნდა დასრულებულიყო.
ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება ქმნის შესაძლებლობას, გაათავისუფლონ 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ისრაელის მოქალაქეები და უცხოელები. საპასუხოდ, ისრაელი ციხიდან ათავისუფლებს პალესტინელებს, რომლებსაც ტერორიზმში მონაწილეობა ჰბრალდებათ. გარდა ამისა, პაუზა იძლევა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საშუალებას.
ისრაელი პირდაპირ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“. შუამავლები არიან კატარის, ეგვიპტის და ზოგიერთ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა.
ამ დროისათვის მოქმედი ოთხდღიანი ჰუმანიტარული პაუზის დროს, რომელიც 24 ნოემბერს დაიწყო, „ჰამასმა“ გაათავისუფლა 58 მძევალი. ესენი არიან ისრაელელი ქალები და ბავშვები, ასევე უცხოელები. ისრაელმა, თავის მხრივ, გაათავისუფლა 100-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი - ქალი და მოზარდი.
ისრაელის მძევლების მეოთხე ჯგუფის გაცვლა პალესტინელ პატიმრებზე 27 ნოემბრის საღამოსთვის იყო დაგეგმილი.
ისრაელის მხარემ არაერთხელ განმარტა, რომ ეს არის პაუზა და არა ზავი და მისი დასრულების შემდეგ ისრაელის არმია განაახლებს საომარ მოქმედებებს მანამ, სანამ „ჰამასი“ მთლიანად არ განადგურდება ღაზის სექტორში.