Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი „დიდ დანაკარგს“ განიცდის უკრაინისგან


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 27 ნოემბერი, 2023 წელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 27 ნოემბერი, 2023 წელი
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინისგან კვლავაც დიდ დანაკარგს განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ვერ ახერხებს მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებას.
„ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ მათ გაათავისუფლონ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია, რაც შეიძლება მალე, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ფრონტის ხაზი არ დაძრულა, უკრაინელებმა შეძლეს რუსი დამპყრობლებისთვის დიდი დანაკლისი მიეყენებინათ“, - თქვა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც უკრაინის მაღალი რანგის გენერალმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი „ჩიხში“ შევიდა.
AFP-სთვის ბრიუსელში მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაა.
ალიანსის გენერალური მდივანი თვლის, რომ „პუტინმა ვერ მიაღწია უკრაინაში იმას, რაც სურდა“. „უკრაინაში ომი დიდი სტრატეგიული შეცდომა და პუტინის მარცხია", - თქვა სტოლტენბერგმა.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა არ ისურვა საუბარი იმაზე, გახდება თუ არა უკრაინა ნატოს წევრი, თუ რუსეთს დაუთმობს მის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ნაწილს. უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობების მიღება შეუძლია, ხოლო ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ეს არის სწორედ ის, რასაც ვაკეთებთ, განაცხადა სტოლტენბერგმა.
XS
SM
MD
LG