შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება შოვში სტიქიის დროს დაკარგული ერთი ადამიანის ცხედრის სამძებრო სამუშაოები. კურორტზე ღვარცოფული მოვლენების განვითარებიდან 118 დღე გავიდა. სტიქიამ 30-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
"გრძელდება საძიებო სამუშაოები ერთი პირის მიმართ როგორც ცოცხალი ძალით, ისე ტექნიკით. არ შეჩერებულა ძებნის ღონისძიება", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.
შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი დაკარგულის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.