Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ბოლო ერთ კვირაში, უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი დაასაფლავეს


უკრაინაში დაღუპული ბაგრატ გასიევის დასაფლავება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გასიევი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. 25 ნოემბერი, 2023 წელი.
უკრაინაში დაღუპული ბაგრატ გასიევის დასაფლავება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გასიევი უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. 25 ნოემბერი, 2023 წელი.

25 ნოემბერს, ოკუპირებულ ჯავის რაიონში დაასაფლავეს ადგილობრივი მკვიდრი - ბაგრატ გასიევი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა. ოსური მედიის ცნობით, 36 წლის გასიევი ზაპოროჟიეს ოლქში დაიღუპა. დასაფლავებას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევი დაესწრო, რომელმაც გასიევი „სამშობლოს დამცველის“ მედლით დააჯილდოვა.

ღია წყაროების ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის 40-მდე მკვიდრი დაიღუპა.

ბაგრატ გასიევი მიმდინარე კვირაში უკვე მეორე დაღუპული იყო, რომელიც უკრაინიდან ჩაასვენეს. 22 ნოემბერს, ცხინვალის სასაფლაოზე დაკრძალეს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში დაღუპული ვლადიკ თედეევი. ის რუსეთის საოკუპაციო მე-4 ბაზაზე მსახურობდა.

რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის კონტრაქტით მომსახურე სამხედროები, ცხინვალიდან უკრაინაში შარშან ორ ეტაპად გაამგზავრეს. გასული წლის 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით, 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გაუშვეს და „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

მე-4 სამხედრო ბაზის დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურიდან, უმეტესობა ადგილობრივი მკვიდრია. არაოფიციალური მონაცემებით, მათი დაახლოებით 80 პროცენტი ახლა უკრაინის წინააღმდეგ ომშია. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი, რომელიც ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის მოწყობითა და კონტროლით არის დაკავებული, 1200 სამხედროს ითვლის. გავრცელებული ინფორმაციით, „ეფესბეს“ კონტინგენტიდან ადგილზე ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი. ე.წ. მესაზღვრეები პერიოდულად ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან და იქ არსებულ ინფრასტრუქტურას აახლებენ.

XS
SM
MD
LG