სალომე ზურაბიშვილი გორს ევროპული კამპანიის ფარგლებში ეწვია და ხელოვნების სახლში ახალგაზრდებს შეხვდა, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე სასაუბროდ.
„გორში ადამიანი მხოლოდ სტალინის მუზეუმის სანახავად არ უნდა ჩამოდიოდეს, სხვა მრავალი კულტურული კერა უნდა შეიქმნას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გორის ხელოვნების სახლსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელმოწერები გროვდება - „ჩვენი ხმა ევროპას“. ხელმომწერები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების სურვილს აფიქსირებენ.
საქართველოს პრეზიდენტს ხელოვნების სახლის ფასადზე გამოფენილი საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაახვედრეს.
„ჩვენი ადგილი ევროპაშია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდები ორი დროშით დამხვდნენ. ყველა ქალაქში ევროპული კულტურა უნდა იყოს ცოცხალი და ხელმისაწვდომი. ევროპა არის ცოცხალი რეგიონები, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. მეტი სიცოცხლე უნდა შევიტანოთ რეგიონებში და ამით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რომ ევროპიდან დაბრუნდნენ და თავიანთ ქალაქს და რეგიონს მოახმარონ ცოდნა და კულტურა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს, 25 ნოემბერს, დაიწყო ორკვირიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ევროპული სტანდარტები იმას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში - ქალები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხს უკავშირდება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გორში ამ თემებზე სასაუბროდ არ ჩამოსულა.
დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი გორის საზოგადოების წარმომადგენლებს გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში შეხვდა.