Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტნის კიკბოქსინგის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რომელიც უკრაინის მხარეზე იბრძვის, ღალატში დასდეს ბრალი


„მე მინდა დავიცვა ჩემი დაღესტანი, ჩემი ხალხი იმისაგან, რაც მათ ელოდებათ პუტინის ამ დანაშაულებრივი ომის გამო", - ამბობს ახმად ახმედოვი.
„მე მინდა დავიცვა ჩემი დაღესტანი, ჩემი ხალხი იმისაგან, რაც მათ ელოდებათ პუტინის ამ დანაშაულებრივი ომის გამო", - ამბობს ახმად ახმედოვი.

დაღესტნის კიკბოქსინგის გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ახმედ ახმედოვს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის ღალატში დასდეს ბრალი. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები დაღესტნის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყებიან.

"კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახმედ ახმედოვი ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

ახმედოვმა დაღესტანში აღიარება მოიპოვა, როგორც კიკბოქსინგის მწვრთნელმა.

15 წელზე მეტი ხნის მუშაობის განმავლობაში მან გაწვრთნა 16 მსოფლიო ჩემპიონი. 2017 წელს გადავიდა უკრაინაში, სადაც განაგრძო სამწვრთნელო კარიერა. რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩაირიცხა უკრაინის დამცველ მოხალისეთა ბატალიონ "ხორტში"; ხელმძღვანელობდა დაღესტნის ხალხთა სრულიად უკრაინულ კონგრესს და გამოდის რუსეთისგან დაღესტნის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იდეით, რისთვისაც ახმედოვის ოჯახს სამშობლოში დევნიან.

თავად ახმედოვი აღიარებს, რომ მონაწილეობს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში, რადგან "ის დაღესტნელია" და მისი სამშობლო "ოკუპირებულია" რუსეთის მიერ.

„მე მინდა დავიცვა ჩემი დაღესტანი, ჩემი ხალხი იმისაგან, რაც მათ ელოდებათ პუტინის ამ დანაშაულებრივი ომის გამო. ამიტომ მინდა, რომ ხმა მივაწვდინო. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ჩემი აღზრდილებიც არიან. და ბევრმა მათგანმა მიატოვა არმია, პატაკები დაწერეს და არ წავიდნენ საომრად. მე ხომ დღეს უბრალოდ არ ჩამიცვამს სამხედრო ფორმა, არ ამიღია ავტომატი და წავსულვარ საომრად. მე მსურს, რომ ვიხსნა ჩემი ხალხი კრემლის დანაშაულებრივი პოლიტიკისაგან“, - ამბობს ახმად ახმედოვი.

  • შარშან ოქტომბერში უკრაინაში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
  • ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი). კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, "ცოფიანი მოდგმა", უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.
  • ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.
XS
SM
MD
LG