Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნუ გაჩუმდებით!“ - ევროკავშირის მთავარი გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ


პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

„ნუ გაჩუმდებით!“ - ასეთია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მთავარი გზავნილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ელჩი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირს აქვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გენდერული ძალადობის მიმართ“ და „დაუშვებელია ნებისმიერი ადამიანის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა სახლში, სამსახურში, საჯარო სივრცეში ან სხვა ნებისმიერ ადგილას“.

ელჩის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა „არ არის კერძო საკითხი, არც ქალთა საკითხია. ეს არის მთელი საზოგადოების და მთელი საქართველოს მოსახლეობის პრობლემა“.

„თუ ხედავთ ძალადობას სახლში, სექსუალურ შევიწროებას სამსახურში ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ინტერნეტში – ამის შესახებ შეატყობინეთ. ეს არის დანაშაული. ეს ძალადობის მანკიერი წრიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა”, - პაველ ჰერჩინსკის ვიდეომიმართვას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, რომ „მთელ მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას პარტნიორის მხრიდან ან ნებისმიერი სხვა სახის სექსუალურ ძალადობას ცხოვრების მანძილზე წარმოშობის, ეთნიკური წარმომავლობის, კულტურისა თუ რელიგიის მიუხედავად“.

ელჩი ხაზს უსვამს ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის გზების გაძლიერების მნიშვნელობას, რა მიმართულებითაც ევროკავშირი საქართველოში შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან მუშაობს.

„ხელს ვუწყობთ საიმედო დამხმარე სერვისების შექმნას, როგორიცაა თავშესაფრები და გადარჩენილთათვის თავშესაფრის შემდგომი დახმარება. ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე, არასათანადო დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე, ასევე გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევაზე“, - ელჩი ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა „ეს არის ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების მძიმე დარღვევა“.

XS
SM
MD
LG