Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლის დროებით შეწყვეტის შემდეგ ღაზაში „წითელი ნახევარმთვარის“ სამედიცინო დახმარების ათი მანქანა ჩადის


ქალაქი ღაზა. ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქების შემდეგ. 18 ოქტომბერი, 2023 წელი
ქალაქი ღაზა. ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქების შემდეგ. 18 ოქტომბერი, 2023 წელი
ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის არაპირდაპირი მოლაპარაკების გზით მიღწეული შეთანხმების შედეგად, ღაზის სექტორში ჩადის „წითელი ნახევარმთვარის“ სასწრაფო დახმარების ათი ავტომანქანა. ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინელთა სამაშველო სამსახური ავრცელებს.
"წითელი ნახევარმთვარის" სამედიცინო დახმარების მანქანებით ქალაქ ღაზიდან პაციენტების ევაკუაცია იგეგმება. ორგანიზაციის თანახმად, ოპერაცია შეთანხმებულია გაეროსთან.
სამაშველო ავტომანქანები ავადმყოფებს და დაჭრილებს გაიყვანენ ქალაქ ღაზის საავადმყოფოდან, ალ-აჰლიდან. ეს საავადმყოფო ერთ-ერთია მათ შორის, რომლებმაც, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კატასტროფული პირობების გამო მოითხოვეს პაციენტების ევაკუაცია.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის კატარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დღეს, 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ამოქმედდა. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას, დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.

შეთანხმების თანახმად, 4-დღიანი ზავის პერიოდში ღაზის სექტორიდან უნდა გათავისუფლდეს საერთო ჯამში, 50 მძევალი ქალი და ბავშვი. მოსალოდნელია, რომ ამის საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება გაათავისუფლებს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების პერიოდში, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება. ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა, ჰუმანიტარული პაუზა დროებითია და რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.
ისრაელმა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ "ჰამასს" ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალური მოძრაობა ისრაელში შეიჭრა. ამ თავდასხმისას 1 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 240 მძევლად აიყვანეს. ღაზის სექტორზე ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად დახოცილთა რიცხვი 13 000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG