Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა დეპუტატმა მირონოვმა უკრაინიდან გაყვანილი ბავშვი იშვილა - „ვაჟნიე ისტორიი“


პარტიის, "სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის" ლიდერი სერგეი მირონოვი
პარტიის, "სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის" ლიდერი სერგეი მირონოვი

დუმის დეპუტატმა, პარტიის, "სამართლიანი რუსეთი-პატრიოტები სიმართლისთვის" ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვი იშვილეს.

10 თვის გოგონას მთლიანად შეუცვალეს პირადი მონაცემები - ახლა იგი მირონოვაა, დაბადების ადგილად კი მინიშნებულია პოდოლსკი, მოსკოვის რეგიონი. ამის შესახებ პროექტი "ვაჟნიე ისტორიი“ წერს.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 2022 წლის აგვისტოს ბოლოს მირონოვის მეუღლე ინა ვარლამოვა უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში ჩავიდა,
სახელმწიფო სათათბიროში მირონოვის პირველ მოადგილე იანა ლანტრატოვასთან ერთად.

ხერსონში მათ მოინახულეს ბავშვთა რეგიონული საავადმყოფო. სტუმრებს თან ახლდა ტატიანა ზავალსკაია, ადგილობრივი ბავშვთა სახლის რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული ხელმძღვანელი. მათ მოინახულეს ბავშვთა სახლიდან საავადმყოფოში შეყვანილი ბავშვები და წავიდნენ.

ბავშვის შვილად აყვანისთვის რუსეთში საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება. ასეთი შემთხვევები განიხილება სპეციალური თანმიმდევრობით. 2022 წლის ნოემბერში ერთ-ერთი ასეთი საქმე განიხილა მოსკოვის რეგიონის პოდოლსკის საქალაქო სასამართლომ. საქმეში დაინტერესებულ პირად ფიგურირებდა ინა ვარლამოვა.

"ვაჟნიე ისტორიის" თანახმად, მათ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ 2022 წლის დეკემბერში სერგეი მირონოვმა და ინა ვარლამოვამ ხერსონიდან ჩაყვანილი გოგონა იშვილეს. მშვილებლების თხოვნით, ოფიციალურ დოკუმენტებში ბავშვის სახელი და დაბადების ადგილი შეიცვალა.

როგორც "ვაჟნიე ისტორიი" აღნიშნავს, ეს არის იმ ბავშვების შვილად აყვანის პირველი დადასტურებული შემთხვევა, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში გადაიყვანეს.

ადვოკატმა მარია ჩაშჩილოვამ გამოცემას განუცხადა, რომ რუსეთში დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების შვილად აყვანა, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, დანაშაულია.

სერგეი მირონოვმა „ვაჟნიე ისტორიის“ მიერ გამოქვეყნებული გამოძიების კომენტირებისას თქვა, რომ ესაა "უკრაინული სპეცსამსახურებისა და დასავლელი კურატორებისგან" შექმნილი სიყალბე.

„ყველაფრის უკან ერთი მიზანი დგას - იმათი დისკრედიტაცია, ვინც დღეს შეურიგებელ პატრიოტულ პოზიციას იკავებს", - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ „ტვიტერში“).

რუსეთში ბავშვთა უფლებების კომისარმა მარია ლვოვა-ბელოვამ „ვაჟნიე ისტორიის“ კომენტარი არ მისცა - მან არ უპასუხა გამოცემის მიერ გაგზავნილ კითხვას. მანამდე ლვოვა-ბელოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ბავშვები შვილად არ აჰყავთ და საქმე ეხება მხოლოდ მათ მეურვეობის ქვეშ აყვანას.

  • 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
  • სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
  • 20 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ კარიმ ახმად ხანის და პუტინის დაპატიმრების ორდერის გამცემი მოსამართლეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG