Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი პარასკევს დილით შევა ძალაში - კატარი


ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორში
ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორში

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმი, რომელზეც ისრაელი და რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ (შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში აღიარებულია, როგორც ტერორისტული ჯგუფი) შეთანხმდნენ არაპირდაპირი მოლაპარაკებების დროს, ამოქმედდება პარასკევს, 24 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე.

ამის შესახებ 23 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ამ ქვეყანამ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი შუამავლის როლი შეასრულა.

22 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ მიღწეულია შეთანხმება ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე, დროებით ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ. შეთანხმება ხუთშაბათს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი ძალაში შესვლა ერთი დღით გადაიდო.

მძევლების გათავისუფლება, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მაჯიდ ალ-ანსარის თქმით, პარასკევს საღამოს დაიწყება და 13 ადამიანი გათავისუფლდება. ოთხი დღის განმავლობაში მთლიანობაში გათავისუფლდება სულ მცირე 50 მძევალი, ქალები და ბავშვები. მოსალოდნელია, რომ მძევლების გათავისუფლების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება გაათავისუფლებს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების ერთ ნაწილს.

ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის მოქმედების დროს, ღაზის სექტორში უნდა შეწყდეს ნებისმიერი ბრძოლა, ისრაელის სამხედროებმა ასევე უნდა შეაჩერონ ჰაერიდან მონიტორინგი. ღაზის სექტორს უნდა მიეწოდოს ჰუმანიტარული დახმარება.

ისრაელის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საუბარი არ არის ზავზე, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 13 000-ზე მეტი ადამიანი.
  • დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
  • ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
  • „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
XS
SM
MD
LG