Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი, რომელშიც არ მონაწილეობს სომხეთი


2009 წლის შემდეგ სომხეთი პირველად არ მონაწილეობს კუხოს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) სამიტში
2009 წლის შემდეგ სომხეთი პირველად არ მონაწილეობს კუხოს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის) სამიტში

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის(კუხო) სამიტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასპინძელი ქვეყნის, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.
სამიტს არ ესწრება სომხეთი, რაც პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა აღიარა, რომ სომხეთის არმონაწილეობის გამო არსებობს გადაწყვეტილებების დამტკიცების კვორუმის პრობლემა. მაგრამ ბელარუსმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის დელეგაციის არდასწრების მიუხედავად, დამტკიცებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური იქნება.

ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო BelTA-ს ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ კუხოს წესდებისა და პროცედურების თანახმად, ყველა გადაწყვეტილების დამტკიცება საჭიროებს თითოეულ ქვეყანასთან კონსულტაციას.

"შევთანხმდით, რომ სამიტის შემდეგ კუხოს გენერალური მდივანი ერევანს ეწვევა. და, რა თქმა უნდა, შემთანხმებელი კომისიის ფარგლებში აქ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას გადავცემთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს. და იმედი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან", - განმარტა სერგეი ალეინიკმა.

სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (რუსული აბრევიატურა - ОДКБ) წევრად. რუსეთისა და სომხეთის გარდა, კუხოს წევრები არიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელარუსი. ორგანიზაცია დატოვებული აქვთ საქართველოს, აზერბაიჯანს და უზბეკეთს.

სომხეთმა უარი თქვა კუხოს ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს - ერევანმა ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ მოკავშირეებმა სომხეთს საკმარისი მხარდაჭერა არ გაუწიეს ყარაბაღის გარშემო განვითარებულ სიტუაციაში, 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ე.წ. გამყოფი ხაზების რაიონში რამდენიმე კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიკავეს.

XS
SM
MD
LG