Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ბუჩელ ყასაბს“ და კიდევ ერთ რუს სამხედროს


ფოტო არქივიდან. ქალაქ ბუჩაში რუსული ოკუპაციისას მოკლულთა ექსჰუმირებული ცხედრები. 2022 წლის 8 აპრილი
ფოტო არქივიდან. ქალაქ ბუჩაში რუსული ოკუპაციისას მოკლულთა ექსჰუმირებული ცხედრები. 2022 წლის 8 აპრილი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუს სამხედროებს, აზატბეკ ომურბეკოვს და დანიილ ფროლკინს, უკრაინის ქალაქებში, ბუჩასა და ანდრეევკაში ჩადენილი დანაშაულის გამო.

პოდპოლკოვნიკი ომურბეკოვი, რომელსაც „ბუჩელ ყასაბს“ უწოდებენ, რუსეთის 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მანამდე კი ანდრეევკაში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დადგენილია, რომ 64-ე ბრიგადა მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავდა, ანაწევრებდა, წვავდა და ჩამოხრჩობის იმიტაციას აწყობდა.

2022 წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას გვარდიის სტატუსი მიანიჭა „საბრძოლო მოქმედებებში გამოჩენილი მასობრივი გმირობისთვის“. პოდპოლკოვნიკი ომურბეკოვი დააწინაურეს და პოლკოვნიკის ჩინი მისცეს.

რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეს, დანიილ ფროლკინს, სანქციები დაუწესდა ანდრეევკაში უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობისთვის. სანქცირებულებს და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

რუსეთის არმიის სამხედროებმა კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიკავეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბუჩა 2022 წლის 31 მარტს გაათავისუფლეს.

დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში ასეულობით დახოცილი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების და ქალების ცხედრები იპოვეს. ბუჩიდან გავრცელებულ შემზარავ ვიდეო და ფოტოკადრებს რუსეთი უწოდებდა დადგმულს და პროვოკაციას.

XS
SM
MD
LG