Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპოლარიზაცია


ავტორი: ამირან კაპანაძე

პოლარიზაცია ბუნებრივი მოვლენაა იმ ცნობიერებისთვის სადაც სამყარო კეთილად და ბოროტად იყოფა. პასუხიც ძალიან თვალნათელია - სიკეთის მხარეს ყოფნაა მთავარი მიზანი.

სამყაროს მთავარი დრამა ისაა, რომ ბოროტებამ არ გაიმარჯვოს და არ მოახდინოს საყოველთაო დომინირება. ოღონდ „ჭეშმარიტი სიკეთე“ ფარდობითი ცნებაა და ყოველ მხარეს მიაჩნია, რომ თავადაა სიკეთის მხარეს, უპირისპირდება ბოროტებას. ყოველ შემთხვევაში, თავიანთი მომხრეების დარწმუნებას სწორედ ამაში ცდილობს.

ქართული საინფორმაციო სივრცე მუდმივად იმის მტკიცებაშია თუ რამდენად უფრო ბოროტია საპირისპირო მხარე და მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღებას ცუდსა და უარესს შორის სთავაზობს: „აბა ომი გინდათ?!“- „აბა გარუსება გინდათ?!-ს საპირისპიროდ და მრავალი სხვა. მთავარია რომ პრობლემა ეგზისტენციალურად ჟღერდეს და ყოფნა-არყოფნის სიმწვავით იყოს დაყენებული.

არქეტიპული მტრის ხატის შექმნა და მასთან დაპირისპირებაში დაძაბულობის შენარჩუნება, პოლიტიკური ძალაუფლების მთავარი წყაროა ტოტალიტარულ სახელმწიფოებსა და ჰიბრიდულ რეჟიმებში. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ დღეს ხელისუფლება არქეტიპულად ადამიანების მწამებლის ხატის მქონე ერთადერთ ოპონენტს აღიარებს და ყოველ ჯერზე მისი დამარცხების აუცილებლობაზე დებს ფსონს. საპირისპიროდ კი მთავარი ოპოზიციური პარტია იმავე არქეტიპული ხატის ტოტალიტარული ქვეყნის სატელიტობაში აჯერებს ყველას და მთელს რესურსს სწორედ ამაში დებს. ამ ყველაფერს კი რა თქმა უნდა ინერციით მიჰყვებიან მცირე მოთამაშეებიც და იმავე მესიჯ ბოქსს იმეორებენ რათა არ მოხვდნენ მეინსტრიმ მედიის მიღმა - იქ სადაც აღარ ისმის ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

შესაბამისად, მოსახლეობაც ორ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი: პრო რუსების და პრო ევროპელების, მაგრამ სინამდვილეში არც ისე მარტივადაა საქმე, ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს. მაგალითად, არიან ევროპული სიკეთეების მომხრეები, რომლებიც არქეტიპული მტრის შიშით არასდროს არ დაუჭერენ მხარს მთავარ ოპოზიციურ პარტიას და ზუსტად იმავე მიზეზით პოლიტიკურად გადაუწყვეტელი ადამიანებიც, რომლებიც ვერ ხედავენ სხვა ალტერნატიულ ძალას, რომელიც ერთი თავით მაღლა მაინც იდგებოდა ამ ორ მთავარ მოთამაშეზე.

ფუნდამენტური პრობლემა აქ სწორედ იმაშია, რომ ბიპოლარული ცნობიერება ვერ სწვდება იმ შესაძლებლობას, სადაც ყველაფერი ორ პოლუსზე არაა განაწილებული. თუმცა, ძნელია გაამტყუნო ადამიანები თუ რატომ ვერ ხედავენ ცისარტყელას შავ-თეთრი ტელევიზორის ყურებისას.

ყველაზე თვალსაჩინო ევრო კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებია, სადაც თვალნათლივ ჩანს ქართველი მოსახლეობის ურყევი ნება, რომ იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ამ დროს ხელისუფლების პოზიციები ეტაპობრივად იცვლება, უპასუხისმგებლო მოწინააღმდეგისგან - რეკომენდაციით გახარებულით და შესაბამისად მზრუნველი პოლიტიკური ძალისკენ. თან ამავე დროს ოპოზიცია ფსონს დებს იმაზე, რომ დადებითი რეკომენდაცია არ მოვა, რადგან ხელისუფლება არ ახორციელებს საკმარის ნაბიჯებს და ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება. ასევე ემზადება ხელისუფლება საპირისპირო მესიჯ ბოქსით. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! რეკომენდაცია დადებითია და ამავდროულად ამ პროგრესს ვერავის დააბრალებ თუ არა ისევ ქართველ ხალხს. ერთი შეხედვით ფუნდამენტური აქსიომა რომ „ამათ ხელში პროგრესი შეუძლებელია“, მომენტალურად კარგავს ძალას და ოპოზიციას მორიგი ქულების დაწერის საშუალებას ართმევს, რადგან ეგზისტენციალური კრიზისი სცენიდან ქრება.

სამაგიეროდ მთელი ძალისხმევა კრიტიკის ასხლეტაზე გადადის ორივე მხრიდან, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავისთვის წერდნენ საშინაო დავალებებს, თანამშრომლობისკენ მოწოდებები მხოლოდ მათ ოპონენტების გასაგონადაა და თვითონ ცდას არ აკლებენ ქვეყნის პროგრესისკენ სვლას.

აქ მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ამომრჩევლები ორივე მხარეს ცხვრები ჰგონია, რომლებიც შენს და სხვის სამწყსოდ უნდა გაყო და თუ შენს ფარაში არ ირიცხებიან, ისინი არც უნდა არსებობდნენ. თუმცა, კვლევებს თუ დავუჯერებთ პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების 35-40% ხელისუფლების მხარესაა, 25%-მდე მთავარი ოპოზიციური პარტიისკენ და დანარჩენი 40% ჯერ ვერ ახერხებს ისეთ კონსოლიდაციას, რომ თუნდაც 4 ალტერნატიული მოთამაშე წარმოაჩინოს ისეთად, რომელიც უეჭველად მოხვდება პარლამენტის ტრიბუნებთან. ეს კი ბიპოლარული დღის წესრიგით არასდროს მიიღწევა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციონერი კვლავაც ეცდება რომ თავი მთავარ მოთამაშედ გამოაცხადოს და სხვებს მოუწოდოს უპირობო მხარდაჭერისკენ, რაც ითარგმნება მოწოდებებში, რომ ახლა ერთმანეთთან დებატების დრო არაა. მთავარი პრეტენზია კი მმართველ პარტიასთან ის რჩება, რომ ისინი მზად არ არიან ღია და გამჭვირვალე დისკუსიისთვის, კრიტიკის მიღებისთვის და კრიტიკულ საკითხებზე კონსესუსისთვის. ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესია კოალიციური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად და ყველა პოლიტიკური აქტორის მხრიდან მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის ასაღებად.

დეპოლარიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღია დისკუსიისთვის მზაობა და საგნობრივი მსჯელობის პიროვნულ შეურაცყოფაზე მაღლა დაყენება, რაც პირველ რიგში რაციონალური და ლოგიკური მსჯელობებით კონსესუსამდე მისვლას ნიშნავს. დღევანდელი პოლიტიკური განწყობებიდან გამომდინარე აშკარაა რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ აღმოჩნდება ცალკეული სუბიექტის ხელში, მაგრამ სრულიად შესაძლებელია ვეტოს ჯგუფების ფორმირება, ისე რომ არავის ჰქონდეს აბსოლუტური კარტ ბლანში საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ამიტომ ოპონენტის სრული დემონიზებით კრიტიკული ცვლილებების მიღწევა თითქმის შეუძლებელი ხდება, დროში გაწელილ პოლიტიკურ კრიზისს გარდაუვალს ხდის და მუდმივად ნარჩუნდება არაფორმალების ძალაუფლება, რაც ლოგიკურად ებმის დეოლიგარქიზაციის პრობლემას.

სანამ ფორმალური ხელისუფლება იქნება უუნარო, ხოლო ფორმალური პროცესი მუდმივი საბოტაჟის ობიექტი - გარდაუვალი იქნება არაფორმალური ავტორიტეტის დომინირება კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესებზე. სრულიად ნათელია რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ძველი ცოდვების წამოძახებით ქულების დაწერა არაფერში წაადგება განვითარების პროცესს, მაგრამ დაშვებული შეცდომებზე საგნობრივი მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი არის ერთადერთი გზა რათა იმავე წრეზე არ წავიდეთ.

დეპოლარიზაცია შეცდომების აღიარების, კრიტიკული ანალიზის და კონსესუსების ძებნის გარეშე, უბრალოდ ფრთიანი წამოძახილია და ნებისმიერ დროს შეგვიძლია ვაფრინოთ ოპონენტის პასუხიმგებლობად.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG