Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის ადამიანური ადამიანურობა


ავტორი: თამარ ყაზაიშვილი

გრილ, მწვანე მინდროზე ვწევარ, აი, ისეთზე ლამაზ, ზღაპრულ ფილმებში რომ არის ხოლმე. ცას ვუყურებ, სულ კამკამაა, მზე კი თვალებს მჭრის. მომწონს, მას თან რომ ვერ ვუსწორებ თვალებს და თან - კი. ყურებში საამური სიმფონია მესმის, ბეთჰოვენს ვუსმენ და სიცოცხლეს ვგრძნობ. თხელი კაბა მაცვია, თავს ფერიად რომ მაგრძნობინებს. აქვე დიდი ხეა, უზარმაზარი ტოტები აქვს, თითქოს მაშინებს. სასაცილოა, მაგრამ მათ დიდი ხნით რომ ვაკვირდები ხოლმე, საშიშ გოლიათებად მეჩვენებიან... კარგია, სიცოცხლის აზრს ვგრძნობ; ვგრძნობ, რომ ვარსებობ.

მოსაღამოვდა. სიო ამოვარდა და საამურად მელამუნებოდა ფეხებზე, ნელ-ნელა ზემოთ მიიწევდა და ჩემი კაბის კალთებს ეთამაშებოდა, არც კაბა უგდებდა ტოლს. თითქოს ქარიც, კაბაც ცოცხალი არსებები არიან, ლაპარაკობენ ან თამაშობენ, ან ორივეს ერთად აკეთებენ. მინდვრის შეგრძნება, კამკამა ცა, გრილი სიო და ბეთჰოვენის სიმფონიები მაყვარებს ცხოვრებას და ვფიქრობ, ღმერთო, შენ მართლა არსებობ, შენს ხელშია ყველა ეს ძალა, ახლაც მხედავ და მაძლევ შანს, გიგრძნო.

თვალები დავხუჭე, მელოდიას ავუწიე და ფიქრი დავიწყე - „ფანტასტიკური რამაა ადამიანი, საოცრებაა პირდაპირ.“ - საკუთარ თავს ვუმტკიცებ... იცი, რატომ? მას სასწაულების კეთება შეუძლია, ის ხედავს, ესმის, ფიქრობს, მსჯელობს, ესიზმრება, იტყუება კიდეც, თვალთმაქცობს, წარმოდგენის უნარიც აქვს, ცდებს ატარებს, ახალ რაღაცებს იგონებს. ერთი სიტყვით, ადამიანი ყოვლისშემძლე არსებაა, რაც/ვინც კი ღმერთს ამქვეყნად შეუქმნია. ვფიქრობ ყოველივეზე და ვაკვირდები, რომ ერთი უმნიშვნელოვანესი გრძნობა, უნარი, რომელიც ადამიანს აქვს, გამომრჩა. ეს სიყვარულია. ღმერთო, როგორ მიყვარს სიყვარული. აი, მუცელში პეპლებიც აფრიალდნენ, მეღიმება და ვიხსენებ დღეს, როდესაც პეპლები პირველად მეწვივნენ, პირველად ცვიოდნენ პატარა წითელი ნაპერწკლები ჩემი ცისფერი თვალებიდან. სწორედ ამას ვგულისხმობდი, სასწაულია ადამიანი - მეთქი. აზრები თავში წამიწამს მეცვლებოდა, ხან რაზე ვფიქრობდი, ხან - რაზე.

როგორც კი ტვინმა სიყვარულზე ფიქრი დაიწყო, ჩემდაუნებურად გონებაში ერთი დღე ამომიტივტივდა... ვიხსენებ დღეს, როდესაც პირველად ამიფრიალდა გული უცნაურად. გული, ტვინი და მთელი ჩემი არსება 2019 წლის 5 ოქტომებრში, წარსულში გადაეშვა, თითქოს აწმყოა, ისე ღრმად და რეალურად შევიგრძენი მაშინდელი ემოციები. რას ვგრძნობდი მაშინ?! პარკში ვიყავი. მეგობრებს სკოლის ამბებზე ველაპარაკებოდი, როცა ჩემკენ ზურგით მდგომი ადამიანი შევამჩნიე. თითქოს გულს საგულედან ამოვარდნა და იმ პატარა ხუჭუჭა ბიჭის საგულეში ჩავარდნა უნდოდა. მალევე პარკის გასასვლელს გამოუყვა და მისი სახეც დავინახე. მიკვირდა, ვერ ვხვდებოდი, რა მჭირდა. ვუყურებდი მას, შავი, გრძელი ხვეულები სიარულისას მხრებს ნაზად ეხებოდა, შავი წამწამები კი წარბებს შეჰხებია იმოდენა

ყოფილან. ვაკვირდები და უცნაურობას ვგრძნობ, უცებ კი ეს შავი, ღრმა თვალები მე მომჩერებოდნენ, მისი ბაგეები კი იღიმოდა. უცებ გამოვფხიზლდი, გონს მოვედი და მივხვდი, რომ უაზროდ მეღიმებოდა და უცხო ადამიანს მივშტერებოდი. სახლისკენ გავიქეცი, სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი და თან, თითქოს ცხელ ასფალტს კი არ ვეხებოდი, არამედ ჰაერში დავფრინავდი, მეტად მსუბუქად. გრძელი ბილიკი გავიარე, სახლისკენ მიმავალი. კარი გავაღე და ტრიალ-ტრიალითა და ცეკვა-სიმღერით შევედი ოთახში. დედა ღიმილით დამხვდა, ხელები გაშალა და მივეხუტე, „ნა, ნანა, ნაა“ - რაღაც მელოდიას ვღიღინებ. დედას ცეკვა დავუწყე, ისიც ამყვა და ნაბიჯებს რითმულად ვადგამდით. მისმა თვალებმა ამოიცნეს ჩემი თვალების ბრწყინვალების მიზეზი, მისმა გულმა იგრძნო ჩემი გულის ასე აჩქარებით ფეთქვის მიზეზი. დედაა და ნუ გაგიკვირდებათ, აი, კიდევ ერთი საოცრება ადამიანისა, ინსტინქტი... დავიღალეთ, ღრმად ვსუნთქავდით და ვიცინოდით. ფუმფულა ტახტზე დაქანცულნი ჩამოვსხედით და უცებ დედამ ღიმილით მითხრა: შეყვარებული ხარ. მე უცებ სიცილი შევწყვიტე და დავფიქრდი, ნუთუ ეს იყო ის უცნაურობა, რაც სკვერში, ხუჭუჭას დანახვისას ვიგრძენი?! პასუხი არ გამიცია და ისევ დედას მივეხუტე. საოცარი გრძნობები მეუფლებოდა...

ახლა მე ისევ მწვანე მინდორზე ვწევარ, ვუსმენ საოცარ სიმფონიებს, ვგრძნობ ნამიან მინდორს, გრილ სიოს, კამკამა ცას, მზე უკვე ჩასულიყო. ვახელ თვალებს და რეალობას ვუბრუნდები. სასიამოვნო იყო იმ დღის გახსენება, რადგან მაშინ ვგრძნობდი დედის ალერსს, მის სუნს, სითბოს, შემეძლო მისი ლამაზი მწვანე თვალების ყურება. ახლა კი დედა ჩემგან შორსაა, მხოლოდ ეკრანზე ვხედავ. ხუჭუჭა ჩემ გვერდითაა... მოუთმენლად ველოდები დედის დაბრუნებას, ახლა კი მე მელიან ჩემი ოჯახის წევრები და სახლში სწრაფად უნდა დავბრუნდე. ავიღე ტელეფონი, მოვიხსენი ყურსასმენები, ნიავთან ნაბრძოლი კაბა გავისწორე. ხელები გულ-მკერდის წინ გადავაჯვარედინე და შინისაკენ გავწიე, ცოტა აცივდა კიდეც, ჟრუანტელმა დამიარა და წამით ისევ გავიფიქრე, მართლაც, რა საოცარი არსებაა ადამიანი...!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG