საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ერევანში შეხვდა სომეხ კოლეგას, სურენ პაპიკიანს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრებმა „რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საქართველო მზად არის გააგრძელოს რეგიონში მშვიდობის პროცესის ხელშეწყობა“.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, „მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს თანამშრომლობის ამჟამინდელ დონეს. განიხილეს თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების დეტალები".
შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხელმოწერის შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძემ ნაძვი დარგო თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული კომპლექსის ტერიტორიაზე.
მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი, რომ სომხეთს საქართველოს გავლით მიეწოდა საფრანგეთის კუთვნილი 24 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი "ბასტიონი", რასაც აზერბაიჯანის კრიტიკა მოჰყვა. ოფიციალურმა ბაქომ დაგმო საფრანგეთის მოქმედება. საქართველოს მიმართ უკმაყოფილება მას ოფიციალურად არ გამოუთქვამს.
აზერბაიჯანულ მედიაში დაწერეს, რომ „საქართველო დიდხანს ამბობდა უარს სომხეთისთვის იარაღის მიწოდებაზე“, ახლა კი, როგორც ჩანს, მწვანე შუქი აუნთესო.
თბილისი აცხადებს, რომ „ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები“ და ორივე მხარეს აძლევს საშუალებას, საქართველო ტრანზიტულად გამოიყენონ.