Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არძინბა "კარს დაუხურავს" ორგანიზაციებს, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ


ინალ აძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
ინალ აძინბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

16 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ შეხვედრა გამართა სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს“ მედიაცენტრის ცნობით, "შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციასთან ახალი მიდგომები, რაც მალე აისახება ოფიციალურ დოკუმენტში - აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბრძანებულებაში“.

არძინბამ აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს აღიქმება, როგორც გაუმჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა.

ამასთან მან განაცხადა:

„მათთვის, ვისაც აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დანგრევა სურს და აფხაზეთის რესპუბლიკას 'ოკუპირებულ ტერიტორიად' განიხილავს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება“.

არძინბას თქმით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას“, ასევე „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.

არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს სააგენტოები აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეზინფორმაციას აწვდიან მათ მიერ განხორციელებული პროექტების რეალურ მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება „პროექტების პრაქტიკული განხორციელებითა და პუბლიკაციებით აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ ვებსაიტებზე“.

  • 2022 წლის მაისში ინალ არძინბამ დახურა საერთაშორისო ორგანიზაციის, „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ", პროექტი, რომელიც უკავშირდებოდა ადგილობრივი მმართველობის გაუმჯობესებას ინკლუზიური განვითარების გზით. უწყებაში აცხადებდნენ, რომ "უშიშროების სამსახურმა" გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებდნენ პროექტის შესახებ მოწოდებულ მონაცემებსა და მის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებს შორის შეუსაბამობას. არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
  • 2022 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის მოქალაქე ტიფანი ლუკასი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა, „სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების“ გამო.
  • მოგვიანებით ინალ არძინბამ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, არ ითანამშრომლონ "ბერგჰოფის ფონდთან" და განაცხადა, რომ "საგარეო საქმეთა სამინისტრო" განსაკუთრებულ კონტროლს ახორციელებს ამ ფონდთან ნებისმიერ ურთიერთობაზე.
  • ინალ არძინბა ამბობს, რომ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას.

XS
SM
MD
LG