Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს ტელეფონით ესაუბრა


ფოტო არქივიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ), გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
ფოტო არქივიდან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი (მარცხნივ), გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს, ტელეფონით ესაუბრა. საუბრის თემა იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაცია.

ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.

8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია გამოდის რეკომენდაციით, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ რეფორმებს განახორციელებს.

ევროკომისია წერს, რომ ამ რეკომენდაციით გამოდის 2022 წლის ივნისში ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ განსაზღვრული „12 პრიორიტეტისა და უფრო ფართო კონტექსტში მიღწეული შედეგების“ გათვალისწინებით.

ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს. ამ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი.

XS
SM
MD
LG