უკანასკნელ დღეებში 200 ათასამდე პალესტინელმა დატოვა ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და ახლა მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სექტორის სამხრეთში, განაცხადა 14 ნოემბერს გაერომ.
ამასობაში ისრაელის თავდაცვის არმია განაგრძობს პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას ღაზაში მდებარე საავადმყოფოების გარშემო, რომლებიც ელექტრომომარაგებისა და სხვა რესურსების დეფიციტს განიცდის. გაეროს თანახმად, ამჟამად მხოლოდ ერთ საავადმყოფოს შესწევს უნარი, მიიღოს პაციენტები.
ისრაელმა სამოქალაქო პირებს მოუწოდა, დატოვონ ქალაქი ღაზა და მიმდებარე ტერიტორიები სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.
სექტორის სამხრეთ ნაწილში გაეროს მიერ მოწყობილი თავშესაფრები უკიდურესად გადავსებულია. გაეროს თანახმად, ერთი ტუალეტი 160 ადამიანს ემსახურება.
საერთო ჯამში საკუთარი სახლი მიატოვა 1,5 მილიონმა პალესტინელმა, რაც ღაზის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტია.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.