Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთი რუსეთის საზღვარზე ახალ შეზღუდვებს ამზადებს


საზღვარი რუსეთსა და ფინეთს შორის. იმატრა, 14 აპრილი, 2023.
საზღვარი რუსეთსა და ფინეთს შორის. იმატრა, 14 აპრილი, 2023.

ფინეთის ხელისუფლებამ შესაძლოა დამატებითი ზომები შემოიღოს რუსეთთან საზღვარზე საგუშაგოების ფუნქციონირების შესაზღუდად, მათ შორის ზოგიერთის დახურვის ჩათვლით. ეს გამოწვეულია ბოლო დღეებში შემთხვევების მკვეთრი მატებით, როდესაც მესამე ქვეყნების მოქალაქეები რუსეთიდან ფინეთის სასაზღვრო კონტროლის პუნქტებში ჩადიან და თავშესაფარს ითხოვენ. ჰელსინკიში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის შემთხვევითობა.

ამ დღეებში ფინეთის ხელისუფლებამ უკვე შემოიღო დამატებითი შემზღუდველი ღონისძიება - აკრძალა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთა ველოსიპედით. თუმცა, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე საგუშაგოებზე ხალხი აგრძელებს ჩასვლას საჭირო დოკუმენტაციის გარეშე. წინა დღით ისინი რამდენიმე ათეული იყო, სამშაბათს შუადღისთვის - უკვე 20-მდე.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ სამშაბათს პარლამენტში კომენტარი გააკეთა შექმნილი ვითარების შესახებ. „მთავრობის ამოსავალი ნათელია, ჩვენ გვინდა ვიზრუნოთ ჩვენი საზღვრის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიტუაციას სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ადრე განაცხადა, რომ უწყება დაჩქარებული წესით ამზადებს წინადადებებს საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის შესახებ. ხელისუფლებას შეუძლია შეზღუდოს საზღვარზე მოძრაობა, დახუროს ზოგიერთი ან თუნდაც ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, ან თავშესაფრის მოთხოვნა მიიღოს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას, თქვა ორპომ.

ფინეთის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ რუსეთის მესაზღვრეები უსაბუთო ადამიანებს უფლებას აძლევენ, თავიანთი საგუშაგოების გავლით შევიდნენ ფინეთში, თუმცა ისინი ამას არ უნდა აკეთებდნენ. ორპოს ცნობით, რუსი მესაზღვრეები თავშესაფრის მაძიებლებს საზღვართან მისვლაშიც კი ეხმარებიან. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამაზე კომენტარი ჯერ არ არის.

აგვისტოს შემდეგ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვარზე საგუშაგოების გავლით ფინეთში შესვლას ცდილობენ. საერთო ჯამში ასზე მეტი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ესენი იყვნენ მესამე ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც რუსეთს სატრანზიტო ქვეყნად იყენებდნენ, შემდეგ თავშესაფარს ითხოვდნენ ფინეთში.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაამკაცრა ქვეყანაში შესვლის პირობები. ჩვეულებრივ, შენგენის ვიზის მფლობელებს ფინეთში არ უშვებენ; საჭიროა ევროკავშირში ბინადრობის უფლების, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეობის ქონა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ტრანზიტი აეროპორტამდე.

ფინეთმა ასევე დააწესა აკრძალვა რუსეთში რეგისტრირებული მანქანების შესვლაზე მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 8 სექტემბერს გამოაქვეყნა სანქციების რეჟიმის განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული ნომრით მანქანების ევროკავშირში შესვლა შეიძლება გაუტოლდეს იმპორტს, რომელიც სანქციების რეჟიმით აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად კვლავაც არსებობს ავტობუსების რამდენიმე მარშრუტი, რომლებიც ჰელსინკის აეროპორტს სანქტ-პეტერბურგთან აკავშირებს.

XS
SM
MD
LG