Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს


უკრაინელ სამხედროთა წვრთნა Leopard 1A5-ზე. ბუნდესვერის ბაზა კლიცში. 5 მაისი, 2023.
უკრაინელ სამხედროთა წვრთნა Leopard 1A5-ზე. ბუნდესვერის ბაზა კლიცში. 5 მაისი, 2023.

გერმანული კონცერნი Rheinmetall-ი უკრაინას მიაწვდის 25 ტანკ Leopard 1A5-ს, ხუთ დაჯავშნილ სარემონტო-საევაკუაციო მანქანას და ორ სასწავლო ტანკს. ამის შესახებ სამშაბათს იტყობინება გამოცემა Der Spiegel-ი.

შეკვეთის საერთო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი ევროა. ის მოიცავს არა მხოლოდ მიწოდების პაკეტს, არამედ წვრთნის, ლოგისტიკის, სათადარიგო ნაწილების, ადგილზე ექსპლუატაციაში გაშვებისა და შეკეთების ღირებულებას. მიწოდების პაკეტის დაფინანსება ბიუჯეტიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის დაკვეთით.

ბუნდესვერმა ათი წლის წინ შეწყვიტა Leopard 1A5 ტანკების გამოყენება. თუმცა ისინი საწყობებში იმყოფებოდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი კვლავ ამოქმედების შესახებ.

გამოცემა იუწყება, რომ სექტემბერში კიევმა, წარმოქმნილი პრობლემების გამო, უარი თქვა ამ მოდელის ათი ძველი ტანკის მიღებაზე. ტანკები საჭიროებდა დამატებით შეკეთებას. ვინაიდან უკრაინას არ მოეპოვებოდა მომზადებული ტექნიკური პერსონალი და სათადარიგო ნაწილები, კიევმა მათ მიწოდებაში აზრი ვერ დაინახა.

Rheinmetall-ი ასევე გეგმავს, მომავალ წელს უკრაინას მიაწოდოს Leopard-ის უახლესი 2A4 მოდელის 14 ტანკი.

XS
SM
MD
LG