Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგარიში: ნაღმები არაპროპორციულად დიდ ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის - უკრაინაში


ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება კვლავაც დიდ მსხვერპლს იწვევს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობები უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია. ამ ნაღმებს ხშირად ზიანი მოაქვს კონფლიქტის დასრულების შემდეგაც. ამის შესახებ ლაპარაკია ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციათა ჯგუფის ანგარიშში.

ანგარიში Landmine Monitor 2023 14 ნოემბერს გამოაქვეყნა ჟენევაში International Campaign to Ban Landmines-მა - არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალურმა კოალიციამ, რომელსაც Human Rights Watch-ი (HRW) თავმჯდომარეობს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავაც ფართოდ იყენებს ნაღმებს თავის უკანონო და არაპროვოცირებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ერთ-ერთი ხელმომწერია 1997 წლის კონვენციისა, რომელიც კრძალავს ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, დაგროვებას, წარმოებას და სხვებისთვის გადაცემას. კონვენცია ასევე ითვალისწინებს ამ ნაღმების განადგურებას. დოკუმენტი ცნობილია „ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების“ სახელით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს, სულ მცირე, 4710 ახალი მსხვერპლი აღირიცხა 51 ქვეყანაში. მათ შორის დაიღუპა 1661 ადამიანი, რომელთა 85%-ს სამოქალაქო პირები შეადგენდნენ, მათი ნახევარი ბავშვები იყვნენ. 2022 წლის მონაცემებით, უკრაინა მსხვერპლის რაოდენობით მეორე ადგილზეა 608 შემთხვევით. 834 შემთხვევით პირველ ადგილზეა სირია, რომელიც არ არის ხელშეკრულების ხელმომწერი.

ვარაუდობენ, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ ნაღმებისგან მისი ტერიტორიის გასუფთავებას ათწლეულები დასჭირდება.

XS
SM
MD
LG