Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტების თქმით, მსოფლიო კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან 41-ში ჩამორჩება


გვალვა ერაყში. 11 ოქტომბერი, 2022.
გვალვა ერაყში. 11 ოქტომბერი, 2022.

მსოფლიო 41-ში ჩამორჩება კლიმატის პოლიტიკის 42 ინდიკატორიდან, რომლებიც საჭიროა გლობალური დათბობის შენელებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში State of Climate Action 2023.

იმისათვის, რომ გლობალური ტემპერატურის ზრდა შევინარჩუნოთ 1,5°C-ის ფარგლებში, რომელსაც მეცნიერები კრიტიკულად მიიჩნევენ, აუცილებელია 2030 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირება. 2021 წელს თითქმის ორასმა სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება, რომ ამას გააკეთებს.

ორი წლის შემდეგ, ქვეყნებმა მიაღწიეს საჭირო ტემპს მხოლოდ ერთ ინდიკატორში - ელექტრომობილების გაყიდვების ზრდაში (2022 წელს მათ ყველა გაყიდული მანქანის 10% შეადგინეს). ექვსი მიმართულებით მსოფლიო საპირისპირო მხარეს მოძრაობს. მაგალითად, იზრდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტების დაფინანსება, პირადი ტრანსპორტით მგზავრობათა რაოდენობა და გადაყრილი საკვების მოცულობა.

გლობალური ტემპერატურის მატება ზრდის ექსტრემალური ამინდის სიხშირეს და ინტენსივობას - წყალდიდობას, გვალვას, ტყის ხანძარს, ქარიშხალს, სიცივისა და სიცხის ტალღებს. სტიქიური უბედურებები იწვევს ადამიანებისა და ცხოველების სიკვდილს და მიგრაციას, სახლებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევას და მიწის განადგურებას.

ამ ყველაფრის შესამცირებლად აუცილებელია ნახშირის გამოყენების შვიდჯერ უფრო სწრაფად შეწყვეტა, ტყეების გაჩეხის ოთხჯერ უფრო სწრაფად შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექვსჯერ უფრო სწრაფად განვითარება, ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავზარდოთ მზისა და ქარის ენერგიის ზრდის ტემპი წელიწადში 24%-მდე და მცოხნელი ცხოველების ხორცის მოხმარება კვირაში ორ ულუფამდე უნდა შემცირდეს მაღალი მოხმარების ქვეყნებში.

„მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში მკაცრი გაფრთხილებებისა და მოქმედებისკენ მოწოდებებისა, ჩვენმა ლიდერებმა დიდწილად ვერ მოახერხეს კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ძალისხმევის მობილიზება საჭირო ტემპით და მასშტაბით“, - შეაჯამა ანგარიშის კრიტიკული ნაწილი მისმა თანაავტორმა და მსოფლიო ბუნებრივი რესურსების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომელმა სოფი ბოემმა.

XS
SM
MD
LG