ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც ითვალისწინებს სომხეთში საზღვრის მონიტორინგის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებას და დისკუსიის გააქტიურებას სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა 13 ნოემბერს.
გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა საგარეო საქმეთა საბჭოს სესიაზე, რომლის დღის წესრიგიც მოიცავდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების საკითხს.
"გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ჩვენი მისია სომხეთში ... მეტი პატრულით საზღვრის მგრძნობიარე არეალებში", - თქვა ბორელმა შეხვედრის შემდეგ.
"ჩვენ გამოვიკვლევთ სომხეთის მხარდაჭერის საკითხს ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის ფარგლებში, ისევე როგორც სავიზო ლიბერალიზაციას", - დასძინა მან.
ევროპული მშვიდობის ინსტრუმენტით ბრიუსელი გასცემს დახმარებას იმ ქვეყნების თავდაცვის უნარების გასაძლიერებლად, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები. ინსტრუმენტის მიზნებს შორისაა კონფლიქტების აღკვეთა და მშვიდობის გაძლიერება. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ამ ინსტრუმენტის მეშვეობით იღებენ დახმარებას ევროკავშირისგან.
ბორელის თქმით, ევროკავშირი "ძალიან ყურადღებით უნდა იყოს სომხეთის შიდა თუ გარე დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის მიმართ". "აზერბაიჯანისადმი ჩვენი სათქმელი მკაფიოა: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა მიუღებელი იქნება და ამას მძიმე შედეგები მოჰყვება ჩვენი ურთიერთობების ხარისხისთვის", - ამბობს ის.
ჟოზეპ ბორელი გამოვიდა მოწოდებით, განახლდეს მოლაპარაკება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს საფუძველზე.
"ჩვენ გვესაჭიროება სამშვიდობო ხელშეკრულების დასრულება და ერთგული ვრჩებით ჩვენი შუამავლის როლისა", - თქვა ბორელმა და დასძინა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის მიწვევა და მასთან შეხვედრის გამართვა, საგარეო საქმეთა საბჭოს ერთ-ერთი მომავალი სხდომის პარალელურად.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ეს გადაწყვეტილება ევროკომისიას შესაბამის დროში წარედგინება, შემდეგ კომისიამ უნდა შეიმუშაოს წინადადებები გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ამ წინადადებებით გაირკვევა, რამდენად და რა ფორმით გაფართოვდება სომხეთში განთავსებული ევროკავშირის მისია (EUMA) და რა ტიპის დახმარებას მიიღებს ერევანი ბრიუსელისგან. ევროკომისიის გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, ბლოკის 27-ვე წევრმა უნდა გაუკეთოს რატიფიცირება.