Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის დაწევას არ გეგმავს


პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე (მარცხნიდან მარჯვნივ)
პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე (მარცხნიდან მარჯვნივ)

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არ გეგმავს ბარიერის დაწევას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. უფრო ადრე, 12 ნოემბერს, საქართველოს ერთპარტიული მმართველობიდან გამოსვლის საჭიროების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში.

"ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად უსუსურია ჩვენი ოპოზიცია. მათ ჰქონდათ შანსი, „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის პატარა პარტიებს მისცა შანსი 0%-იანი ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, გაძლიერებულიყვნენ და ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი ინდივიდუალური დღის წესრიგი და ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ, ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ...

არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს. 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის", - თქვა შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი მმართველი პარტიიდან, ანრი ოხანაშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აქტიურობა ბარიერის დაწევაზე, მათ მდგომარეობაზე მიუთითებს.

"ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აქტიურობენ საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ იმდენად მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ გააჩნიათ", - თქვა მან.

ოპოზიციური პარტიის, "ლელოს", ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი მიზანი არა ბარიერის გადალახვა, არამედ ხელისუფლების შეცვლაა:

"ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე - სიტყვის გატეხა, პირობის გატეხა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც, საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად.

"მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს, 5-პროცენტიანი ბარიერით. სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ საარჩევნო ბარიერის გადალახვას მხოლოდ რამდენიმე პარტია შეძლებს, მათ შორის "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა".

XS
SM
MD
LG