Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვდებიან დასავლეთ ბალკანელ კოლეგებს


ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან ბალკანელ კოლეგებს.
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვდებიან ბალკანელ კოლეგებს.

13 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას თავიანთ კოლეგებთან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, რათა განიხილონ საერთო ინტერესის საკითხები, მათ შორის რეგიონის ქვეყნების პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - შეხვედრა იმართება ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გასულ კვირაში ყოველწლიური ანგარიშის გამოაქვეყნების ფონზე.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა - რომელიც შეხვედრას უხელმძღვანელებს - განაცხადა, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი უთანხმოების საგანი იქნება დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან არასაკმარის შესაბამისობაში ყოფნა მოსკოვის მიმართ ევროკავშირის იმ სანქციების პოლიტიკასთან, რომლებიც ამოქმედდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შემდეგ.

"ჩვენ გავიმეორებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე ყურადღებით დაკვირვების საჭიროებას, - თქვა ბორელმა და დასძინა, - [რეგიონის] ზოგიერთი ქვეყანა არ მოსულა შესაბამისობაში ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან და სანქციებთან".

შეხვედრის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, მათ შორის, არის უსაფრთხოების გარანტია პოტენციური წევრებისთვის.

"ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ამ დროში იმის გააზრება, რომ გაფართოება არის გეოპოლიტიკური საკითხი და ევროპაში მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის ბუნდოვანი სივრცეები არ უნდა არსებობდეს", - თქვა ბერბოკმა.

ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას და სერბეთს მინიჭებული აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების სტატუსი.

კოსოვომ გაწევრიანების განაცხადი დეკემბერში შეიტანა და ამჟამად 27-წევრიანი ბლოკის წევრობის პოტენციური კანდიდატია.

ევროპული კომისიის ანგარიშის თანახმად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები - ალბანეთი, მონტენეგრო და ჩრდილოეთი მაკედონია - მჭიდროდ თანამშრომლობენ და ბრიუსელთან შესაბამისობაში მოჰყავთ თავიანთი საგარეო პოლიტიკა და სანქციათა რეჟიმი, გამონაკლისს წარმოადგენს სერბეთი და, გარკვეული თვალსაზრისით, ბოსნია.

მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს ჯერჯერობით არ აკისრია ოფიციალური ვალდებულება მისდიოს ბლოკის პოლიტიკას, მოხალისეობრივად დაუჭირა მხარი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ჩათვლით - ვკითხულობთ ანგარიშში.

XS
SM
MD
LG