რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებით, სავარაუდოდ საბოტაჟის შედეგად 11 ნოემბერს დილით რიაზანის რეგიონში რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი 19 ვაგონით, რის შედეგადაც დაშავდა რკინიგზის ერთი თანამშრომელი.
ადგილობრივმა ხალხმა მედიას უთხრა, რომ აფეთქების ხმა გაისმა ცოტა ხნით ადრე, სანამ სასუქებით დატვირთული მატარებელი რელსებიდან გადავიდოდა რიბნოესთან, მოსკოვიდან 200-მდე კილომეტრის მოშორებით სამხრეთაღმოსავლეთის მიმართულებით. ოფიციალური პირების ცნობით, დაშავდა მატარებლის გამცილებლის მოადგილე და მას საავადმყოფოში მკურნალობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფეთქება მოხდა დილის 7 საათსა და 12 წუთზე, როცა "დეტონაციაში მოვიდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა" - რამაც მატარებლის რელსებიდან გადასვლა გამოიწვია.
მატარებლის შესახებ ცნობა გავრცელდა იმავე დღეს, როცა კიდევ ერთ საბოტაჟის ინციდენტზე აიღეს ეჭვი ტამბოვის რეგიონში, კოტოვსკის ტყვია-წამლის ქარხანაში.
მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთიდან დროდადრო ვრცელდება ცნობები სავარაუდო საბოტაჟის აქტებზე - თუმცა დეტალები, როგორც წესი, დაკონკრეტებული არ არის და არც პოტენციური დამნაშავეების ვინაობა ხდება ცნობილი.