ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის, უფროსი ვაჟი ახმატი ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში რესპუბლიკის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 8 ნოემბერს ახმატი 18 წლის გახდა. მისი ამ დანიშვნის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვმა ახმატის ახალი პოზიცია მიუთითა თავის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, რომელშიც იგი ჩეჩნეთში დაჯილდოებულ პირებზე, მათ შორის, თავის შვილებზეც, საუბრობს.
როგორც საიტი "კავკაზ.რეალიი" აღნიშნავს, ეს პოზიცია ადრე ჰუსეინ აბდულკარიმოვს ეკავა. თუმცა, ოფიციალური დადგენილებებიდან გამომდინარე, რომელიც რედაქციამ შეისწავლა, 8 ნოემბრიდან იგი სპორტის მინისტრის უბრალო მოადგილედ დაქვეითდა.
მანამდე ახმატ კადიროვი დაინიშნა ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწედ და პროსახელისუფლებო ახალგაზრდული "მოძრაობა პირველის" რეგიონული ფილიალის საბჭოს თავმჯდომარედ.
საერთო ჯამში, კადიროვების ოჯახის 100-მდე ნათესავი - შვილები, დები, სიძეები, ძმისშვილები, ახლო თუ შორეული ნათესავი, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონის საჯარო თანამდებობაზე იმყოფება.
2018 წელს BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის 158 ოფიციალური პირიდან დაახლოებით 47 კადიროვთან იყო დაკავშირებული.
მიმდინარე წლის მარტში, თავის ქორწილამდე ერთი დღით ადრე, ახმატი მოსკოვში ერთი-ერთზე შეხვდა ვლადიმირ პუტინს, რამაც გააძლიერა ეჭვი, თითქოს რამზან კადიროვი და კრემლი ახმატს, ჩეჩნეთის ლიდერის ავადმყოფობის გამო, მის მემკვიდრედ ამზადებდნენ.