ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოულოდნელად ჩავიდა დონის როსტოვში, სადაც სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს ეწვია და სახელმწიფო მედიის თანახმად, მოისმინა ცნობები "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" (ასე უწოდებს კრემლი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს. რედ.) მიმდინარეობის შესახებ. პუტინთან ერთად იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და სხვა ხელმძღვანელი სამხედრო პირები.
შტაბში სახელმწიფოს მეთაურს ასევე აჩვენეს "სამხედრო ტექნიკის ახალი ნიმუშები". გამოქვეყნებული კადრების თანახმად, ლაპარაკია ყველგანმავალ Desertcross 1000-3 ATV–ზე. ამ სახის მანქანებს აწარმოებს აშშ-ში რეგისტრირებული ბრენდის, Aodes-ის ქვეშ გაერთიანებული კომპანია, რომლის შტაბი, „მედუზის“ ცნობით, ჩინეთში მდებარეობს.
აღნიშნული ყველგანმავალი მანქანა მონადირეების, ფერმერებისა და სატყეო მუშაკების (რეინჯერების) მანქანად მიიჩნევა; რუსეთის არმია მას იყენებს "საპატრულო და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად, სამძებრო-სამაშველო საქმიანობისთვის და ასევე მატერიალური საშუალებების გადასატანად რთული გრუნტისა და გზის პირობებში“.
ვლადიმირ პუტინი ბოლოს 18 აგვისტოს ჩავიდა დონის როსტოვში, რომელიც მანამდე ორი თვით ადრე თავის კონტროლს დაუქვემდებარა ამბოხებულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“.
კრემლის განცხადებით, მაშინაც პუტინმა გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვისა და სხვა მაღალი რანგის ოფიცრების ანგარიშები მოისმინა. დონის როსტოვში პუტინის ვიზიტის სხვა დეტალები, ფოტოები და ვიდეომასალა კრემლს არ გაუვრცელებია.
რუსეთის პრეზიდენტი იშვიათად ჩადის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან.