საფრანგეთმა რუსეთი დაადანაშაულა პარიზის ზოგიერთ რაიონში, შენობებზე, დავითის ვარსკვლავის დახატვასთან დაკავშირებული სკანდალის გაღვივებაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარიზში გადაღებული ფოტოების ინტერნეტ-სივრცეში გავრცელება პირველმა დაიწყო რუსულმა ქსელმა RRN-მა, რომელიც ხელს უწყობდა საზოგადოებრივი რეზონანსის გამოწვევას.
საფრანგეთი რუსეთს ბრალს სდებს მის წინააღმდეგ ციფრული ჩარევის ოპერაციის განხორციელებასა და საერთაშორისო კრიზისის გამოყენებაში საზოგადოებრივი დაძაბულობის შესაქმნელად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდება „კატეგორიულად“ უარყო პარიზში რუსეთის საელჩომ და მას უსაფუძვლო უწოდა.
როგორც BBC წერს, ისრაელის და ებრაელი ხალხის სიმბოლო, დავითის ვარსკვლავი, პარიზის სხვადასხვა რაიონში მდებარე სახლებზე ოქტომბრის ბოლოდან გაჩნდა და სკანდალი გამოიწვია „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის და ევროპის ქვეყნებში ანტისემიტური აქციების ფონზე.
პარიზის შენობებზე დავითის ვარსკვლავების დახატვა პოლიტიკოსების ნაწილმა ანტისემიტურ აქციად შეაფასა, რადგან ნაცისტების მიერ ებრაელების დევნის წლებში დავითის ვარსკვლავს ებრაელების სახლებზე ხატავდნენ.
ამასთან, საფრანგეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომლებიც გამოძიებას ატარებენ, აღნიშნავენ, რომ სახლები შემთხვევით არის შერჩეული და დავითის ვარსკვლავების დახატვას ებრაელებთან უშუალო კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, ვარსკვლავები, ისევე როგორც ისრაელის სახელმწიფო დროშაზე, ლურჯი ფერიისაა და აქციის ავტორთა მოტივი შესაძლოა, ისრაელის მხარდაჭერაც იყოს.