Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გეგმაზე


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. ბრატისლავა, 25 ოქტომბერი, 2023.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო. ბრატისლავა, 25 ოქტომბერი, 2023.

სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ 8 ნოემბერს უარი თქვა ადრე შემუშავებულ გეგმაზე, რომელიც უკრაინისთვის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გადაცემას ითვალისწინებდა. ამით მთავრობამ შეასრულა ახალი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს დაპირება, რომ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდა უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის.

დახმარების პაკეტი შეიცავდა საჰაერო თავდაცვის სისტემის 140 რაკეტა KUB-ს, 5000-ზე მეტ 125-მილიმეტრიანი ქვემეხის ჭურვს და 4 მილიონ ამუნიციას მცირე ცეცხლსასროლი იარაღისთვის. ეს გეგმა წარმოადგინა ნატოს წევრი სლოვაკეთის წინა მთავრობამ, სანამ არჩევნების შემდეგ ახალ მთავრობას გადააბარებდა ხელისუფლებას. ფიცოს მთავრობამ კაბინეტის სხდომაზე თქვა უარი პაკეტზე.

მანამდე ფიცომ განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუ ისინი მის ქვეყანას ზიანს მოუტანს.
ხელისუფლებაში ფიცოს მოსვლამდე, ბრატისლავა აქტიურად უჭერდა მხარს კიევს - აწვდიდა იარაღს და უერთდებოდა ევროკავშირის მხრიდან მოსკოვისთვის დაწესებულ ყველა შეზღუდვას.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად სლოვაკეთი უნგრეთის შემდეგ „ვიშეგრადის ოთხეულიდან“ მეორე სახელმწიფოა, რომელიც უარს ამბობს კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ჯგუფში ასევე შედიან პოლონეთი და ჩეხეთი.

„ჩემი მთავრობის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საომარი მოქმედებების დაუყოვნებელი შეწყვეტა წარმოადგენს საუკეთესო გადაწყვეტას, რომელიც მოგვეპოვება უკრაინისთვის“, - თქვა ფიცომ ოქტომბრის ბოლოს პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, უმჯობესია, რუსეთმა და უკრაინამ „10 წლის განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკება აწარმოონ, ვიდრე 10 წლის განმავლობაში ერთმანეთი ხოცონ“.

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ ფიცოს სიტყვების პასუხად კრემლმა განაცხადა, რომ სლოვაკეთის პოზიცია კონფლიქტს, დიდი ალბათობით, არ შეცვლის. მოსკოვის შეფასებით, ბრატისლავა მხოლოდ მინიმალურ როლს ასრულებს უკრაინის არმიისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაში.

XS
SM
MD
LG