Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა დეპუტატს და Pussy Riot-ის წევრ ლიუსია შტეინს


Pussy Riot-ის აქტივისტების ლუსია შტეინი (მარცხნივ) და მარია ალიოხინა.
Pussy Riot-ის აქტივისტების ლუსია შტეინი (მარცხნივ) და მარია ალიოხინა.

მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა მოსკოვის დეპუტატი და პანკჯგუფ Pussy Riot-ის წევრი ლიუსია შტეინი, რომელიც ბრალდებულია რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში. ამის შესახებ ტასი იუწყება.

მანამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Pussy Riot-ის წევრის ძებნა გამოაცხადა.

აქტივისტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზი გახდა მისი კომენტარები ტვიტერში (ახლაX), რომელიც მან 2022 წლის 27 მარტს დაწერა. ამ დღეს შტეინმა სოციალურ ქსელში მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს შესახებ, რომელშიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ჯარისკაცები ფეხებში ესვრიან დატყვევებულ რუსებს.

2021 წელს ლიუსია შტეინს ერთი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიესაჯა ე.წ. „სანიტარულ საკითხზე“. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ მან რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ელექტრონული სამაჯური მოიძრო და რუსეთი დატოვა.

3 ნოემბერს მოსკოვის სასამართლომ Pussy Riot-ის წევრს და „მედიაზონის“ ყოფილ გამომცემელს, პიოტრ ვერზილოვს, დაუსწრებლად მიუსაჯა რვა-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით.

საქმე აღიძრა ბუჩაში მომხდარი მკვლელობების შესახებ ტვიტერზე (ამჟამად X) და ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ოთხი პოსტის გამო. გამომძიებლების თქმით, პუბლიკაციები შეიცავს აზრს, „რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სოციალური დაძაბულობის არაგონივრული ზრდა და ზიანი მიაყენოს რუსეთის ინტერესებს“. განაჩენის თანახმად, ვერზილოვმა თავისი პოსტებით ასევე „მოქალაქეებში შექმნა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ცრუ აზრის ჩამოყალიბების რეალური საფრთხე“.
უკრაინის ხელისუფლების, ასევე ჟურნალისტების, გაეროსა და ეუთოს მრავალრიცხოვანი გამოძიებების შედეგად დაასკვნეს, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის მიერ ბუჩის ოკუპაციის დროს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. არსებობს დოკუმენტირებული შემთხვევები, როდესაც რუსი სამხედროები კლავენ ბუჩელებს. მოსკოვი ბუჩაში მომხდარს „დადგმულს“ უწოდებს ან ამტკიცებს, რომ ქალაქის მოსახლეობა უკრაინელმა სამხედროებმა დახოცეს.
პროკურატურა ვერზილოვისთვის ითხოვდა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთას, ადვოკატი კი დაჟინებით მოითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას. 2023 წლის ოქტომბერში ვერზილოვი „მედიაზონის“ გამომცემლის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც ის ვიდეობლოგერ იური დუდს მოუყვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იბრძვის.

XS
SM
MD
LG