დმანისის ყოფილ მერზე, გიორგი ტატუაშვილზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წაუყენა ორ ადამიანს. უწყების გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი არ ცხადდებიან საგამოძიებო უწყებებთან.
პროკურატურა პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით ადგილობრივ სასამართლოს მიმართავს.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წარსულში არსებული წყენის გამო, მოკვლის განზრახვით, ავტომანქანით აედევნენ დმანისისკენ მოძრავ დაზარალებულის ავტომანქანას და ავტომანქანის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელეს", - აღნიშნავენ უწყებაში.
საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება). მათ 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დმანისის მერს, გიორგი ტატუნაშვილს თავს 1 ნოემბერს დაესხნენ. ის ამბობდა, რომ ახლა ცეცხლი იმ ადამიანებმა გაუხსნენს, რომლებიც მასზე თავდასხმაში 2021 წელსაც მონაწილეობდნენ.
2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, როდესაც ტატუაშვილი დმანისის მერობის კანდიდატი იყო, მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ოპოზიციის რამდენიმე წევრი დაჭრეს. პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც შემდეგ გაასამართლეს.