Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება მოქმედ პრემიერ-მინისტრ, მატეუშ მორავიეცკის დაავალა


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა (მარცხნივ) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა (მარცხნივ) და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ, მატეუშ მორავიეცკის, დაავალა.

მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“ (PiS) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ არ აქვს მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა. მორავიეცკის კოალიციისათვის მოუწევს სხვა საპარლამენტო პარტიებთან მოლაპარაკება. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მორავიეცკის სჭირდება მინიმუმ 231 დეპუტატის მხარდაჭერა, ამჟამად მას მხოლოდ 194 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს.

მორავიეცკიმ, რომელიც 2017 წლიდან არის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, ორი კვირის განმავლობაში უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა. წარუმატებლობის შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის შექმნის უფლებას პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი მიიღებს.

ტუსკი არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდეც კი დარწმუნებული იყო, რომ „მესამე გზა“ და „ახალი მემარცხენეები“ კოალიციას „სამოქალაქო პლატფორმასთან“ გააფორმებენ. კოალიციური შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მათ 248 ხმა ექნებათ. ტუსკმა უკვე განაცხადა, რომ პოლონეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი იქნება.

პოტენციური კოალიციის სამი პარტიიდან ორი იზიარებს ფემინიზმის იდეებს. პოლონეთში იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლება შეცვლის აბორტის შესახებ კანონმდებლობას, რომელიც 2020 წელს გამკაცრდა. ცვლილებებმა ქვეყანაში აბორტების ფაქტობრივი შეწყვეტა, ქალებში სიკვდილიანობის ზრდა და მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები გამოიწვია.

პოლონეთის სეიმის არჩევნები 15 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა იყო 74.38%, რაც პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. აქამდე რეკორდი დაფიქსირდა 1989 წლის არჩევნებში, როდესაც პოლონეთი პირველად გათავისუფლდა კომუნისტების მმართველობისგან. მაშინ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლის 62.7%-მა. მას შემდეგ აქტივობამ იკლო და დროდადრო 50%-ზე ნაკლებიც იყო.

XS
SM
MD
LG