გერმანიის ქალაქ ჰამბურგის აეროპორტი დაიკეტა და ყველა ავიარეისი გაუქმდა , მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირი ავტომობილით აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. შემთხვევა 4 ნოემბერს ღამით მოხდა (თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე).
გერმანული მედიის მიხედვით, ავტომობილის მძღოლმა, რომელიც აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ სივრცეში შეიჭრა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ გაისროლა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში მისი ავტომობილი თვითმფრინავის წინ დგას და მეხანძრეები ირგვლივ ცეცხლის ორი კერის ჩაქრობას ცდილობენ.
პოლიციის ინფორმაციით, მათ დაუკავშირდა ეჭვმიტანილის ცოლი და მცირეწლოვანი ბავშვის შესაძლო გატაცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 35 წლის კაცი ავტომობილში 4 წლის ბავშვთან იმყოფებოდა, რომელიც მძევლად განიხილება და გამტაცებლებთან პოლიცია ფსიქოლოგების დახმარებით აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ერთი საათის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში (ადგილობრივი დროით 6:40-ზე) ჰამბურგის პოლიცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რომ ინარჩუნებენ კონტაქტს თავდამსხმელთან, თუმცა მდგომარეობა უცვლელია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა აეროპორტზე თავდასხმის შესახებ, ჰამბურგის პოლიცია თითქმის საათში ერთხელ აწვდის განახლებულ ინფორმაციას მოსახლეობას პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი);