მოსკოვში ბულგარეთის ეროვნული რადიოს მთავარ კორესპონდენტს, ანგელ გრიგოროვს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაციის მოწმობის დაბრუნება და რუსეთის დატოვება დაავალა. სამინისტრომ განმარტა, რომ ეს გაკეთდა ბულგარეთის ხელისუფლების მიერ რუსი ჟურნალისტის ალექსანდრ გაცაკის გაძევების საპასუხოდ.
"ხელმძღვანელობს რა მედიის თავისუფლებისა და პრაგმატული ურთიერთქმედების პრინციპებით, რუსული მხარე მზად იქნება განიხილოს ბულგარეთის ეროვნული რადიოს კორესპონდენტის ა. გრიგოროვის საქმიანობის განახლების შესაძლებლობა რუსეთში, თუ ბულგარეთის მთავრობა დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს „როსიისკაია გაზეტას“ ჟურნალისტის აკრედიტაციის შესახებ სოფიაში", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მანამდე ბულგარეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ (DANS) ბრძანება გასცა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ გაცაკის ექსტრადიციის თაობაზე.
DANS-ის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ბულგარეთში ჟურნალისტის საფარქვეშ ახორციელებდა სადაზვერვო საქმიანობას, რაც მუქარას უქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას.
სექტემბრის ბოლოს ბულგარეთმა ჯაშუშობის ეჭვის გამო გააძევა სოფიის რუსული ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ვასიანი და ეკლესიის კიდევ ორი მოღვაწე. ამან მოსკოვის მწვავე რეაქცია გამოიწვია და ეკლესია რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკეტილი იყო.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ბულგარეთიდან ოჯახებთან ერთად 70 რუსი დიპლომატი გააძევეს. იმ დროს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კირილ პეტროვის თქმით, გაძევებული დიპლომატების უმეტესობა სპეცსამსახურებში მუშაობდა და მათი დიპლომატიური საქმიანობა შირმას წარმოადგენდა.