Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურის სამინისტროს დაფინანსებით პოეტ რეზო ამაშუკელზე ფილმი შეიქმნება


პოეტი რეზო ამაშუკელი
პოეტი რეზო ამაშუკელი

კონკურსის - „კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა“ - გამარჯვებულები გამოავლინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.

როგორც სამინისტრო აცხადებს, „[კონკურსის] მიზანია თავისუფალი შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის, მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება“.

კონკურსი მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ანიმაცია, ფოტოგრაფია, მედიახელოვნება. საკონკურსოდ ასევე შეიძლებოდა ხელოვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხანმოკლე პროექტის წარდგენა.

გამარჯვებულ პროექტებს შორის არის პოეტ რეზო ამაშუკელის შესახებ ფილმის შექმნა. პოეტი 2022 წელს გარდაიცვალა.

კონკურსში ასევე გაიმარჯვა ჟურნალისტ ნათია ბერიძის პროექტმა „მათ შექმნეს ეპოქა“, რომელიც ხელოვნების შესახებ ორი დოკუმენტური ჩანახატის მომზადებას გულისხმობს.

კონკურსში გაიმარჯვეს შემდეგმა პროექტებმა:

  1. „მშვიდობა მსოფლიოს“. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, გაიმართება ზაზა კილასონიას საავტორო კონცერტი (განმახორციელებელი ფ/პ ზაზა კილასონია);
  2. „სალონური საღამოები რეგიონებში - არაყიშვილი 150“. პროექტის ფარგლებში გაიმართება „ბათუმური ლირიკის“ წარმომადგენლების, ოპერის მომღერლების - ანა ლომიაშვილის (სოპრანო), ირაკლი (ერეკლე) გურგენიძისა (ბარიტონი) და საქართველოს დამსახურებული არტისტის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის, ნატალია ჭანტურიშვილის, კამერული კონცერტები. შესრულდება დიმიტრი არაყიშვილის ცნობილი რომანსები და არიები ოპერებიდან. კონცერტები გაიმართება ერედვის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სააქტო დარბაზში და მცხეთის მუნიციპალიტეტში, წეროვნის #3 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (განმახორციელებელი ა(ა)იპ „ბათუმური ლირიკა“);
  3. ჯანი როდარის ზღაპარი „ჩიპოლინოს თავგადასავალი“. სენაკის თეატრში დაიდგმება სპექტაკლი ზღაპრის მიხედვით (განმახორციელებელი სსიპ ქ. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი);
  4. „უცნობი ოქროს ხანა“. პროექტი გულისხმობს დოკუმენტური ფილმის გადაღებას (განმახორციელებელი ა(ა)იპ ძეგლთა შესწავლისა და პოპულარიზაციის ცენტრი);
  5. „დრამატურგიის საავტორო ფესტივალი 2023 - ქართველი ავტორები“. პროექტის ფარგლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დრამატურგიის ფესტივალი გაიმართება (განმახორციელებელი შპს „ქამელეონი“);
  6. „გული ისევ ძველებურად ძგერს“. ცისფერი ტრიოს წევრის, თამაზ სეფერთელაძის, ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნება მცირე მუსიკალური კინოჩანახატი, ნახევრად ნატურალური და ნახევრად ანიმაციური ვიდეოკლიპი (განმახორციელებელი ფ/პ მალხაზ თავართქილაძე);
  7. „ხიდი თავისუფალ შემოქმედებით სივრცეში“. პროექტი გულისხმობს სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემიის პარტნიორობასა და თანამშრომლობას, კერძოდ, სამხატვრო აკადემია უსასყიდლოდ ჩაატარებს კონსულტაციებს, რვა სტუდენტი უსასყიდლოდ მიიღებს მონაწილეობას მოხალისეობრივ საწყისებზე, ხოლო სამხატვრო აკადემიის ხუთი სტუდენტის ტრენერ-პედაგოგი სტუდენტებთან ერთად ჩაატარებს შემოქმედებით სამუშაო შეხვედრებს და პლენერ-მასტერკლასებს. პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ. აქ ორჯერ ჩავა შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაო შეხვედრებისა და მასტერკლასების ჩასატარებლად. ასევე შეიძენენ და სკოლას გადასცემენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების შექმნისთვის საჭირო მასალებსა და ინვენტარს. მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტერესის მიხედვით განაწილდებიან ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკების, კერამიკის, მოდისა და ტექსტილის დიზაინის თემატურ ჯგუფებში. შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება „არტ ვილა გარიყულას“ სივრცეში (განმახორციელებელი ა(ა)იპ საქართველოს კულტურის აკადემია);
  8. „ადამიანი მაინც მარტოა“ - პოეტ რეზო ამაშუკელის ვიდეოპორტრეტი. შეიქმნება ფილმი პოეტ რეზო ამაშუკელზე (განმახორციელებელი ა(ა)იპ „აპოლონი და ოლიმპია“);
  9. „აზერბაიჯანული ხელით ნაქსოვი ხალიჩები - ტრადიციის შენარჩუნება“. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანელი პროფესიონალი მქსოველები ჩაატარებენ უფასო მასტერკლასებს, მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა (განმახორციელებელი სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი);
  10. „დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია“. პროექტით დაგეგმილია დაზგური გრაფიკის პოპულარიზაცია, შიდა და ქვემო ქართლის სოფლებიდან მოსწავლეების თბილისში ტრანსპორტირება და მათთვის ოთხკვირიანი სასწავლო კურსის ჩატარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისთვის (განმახორციელებელი ფ/პ დავით სილაგაძე);
  11. ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქორეოექო“. ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდება იმერეთში, საჩხერის კულტურის სახლში (განმახორციელებელი ქ. თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი);
  12. „ვიდეოსტუდიის განვითარება“. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნება სტუდიის ტექნიკური აღჭურვილობა. (განმახორციელებელი ფ/პ ზურაბ შიოშვილი);
  13. „მათ შექმნეს ეპოქა“. შეიქმნება ხელოვნების შესახებ ორი დოკუმენტური ჩანახატი (განმახორციელებელი ფ/პ ნათია ბერიძე).

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 137 834 ლარს. სამინისტროში სულ შევიდა 59 განაცხადი.

„კონკურსი წელს საზოგადოების დიდი დაინტერესების გამო ორჯერ გამოცხადდა და ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 683 720 ლარს და 96 საკონკურსო განაცხადიდან 35-მა პროექტმა გაიმარჯვა.

2022 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 660 422 ლარს. სამინისტროში შემოვიდა 228 განაცხადი. გაიმარჯვა 30-მა პროექტმა“, - აცხადებს სამინისტრო.

XS
SM
MD
LG