Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სემ შეპარდის კინო


რეჟისორ რიჩარდ პირსის ფილმი „სოფელი“ (1984, აშშ.)
რეჟისორ რიჩარდ პირსის ფილმი „სოფელი“ (1984, აშშ.)

„სოფელი“ (1984, აშშ, რეჟისორი რიჩარდ პირსი)

პატი სმითის კონცერტი თბილისში დაემთხვა მომღერლის მეგობრის, თანამებრძოლის, კოლეგის სემ შეპარდის დაბადების 80 წლისთავს, რომელსაც ერთდროულად აღნიშნავენ მისი ხელოვნების თაყვანისმცემელი მწერლები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, მსახიობები, მუსიკოსები. ეს ბუნებრივია - დიდ ამერიკელ ხელოვანს, 2017 წელს კუნთების სრულმა ატროფიამ რომ შეიწირა, ლიტერატურაც, თეატრიც, კინოც, მუსიკალური სამყაროც თავისიანად მიიჩნევს. ჰეპენინგი - თეატრალური მოღვაწეობის ფორმა, რომელიც სემ შეპარდმა თავისუფლად დანერგა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლების „ბროდვეის გარე“ სივრცეში, არ არსებობს მოქმედებაში კინოს და მუსიკის აქტიური ჩართვის გარეშე. არსებითად შეპარდის მთელი შემოქმედება ჰეპენინგია - 45 პიესა დაწერა, ასევე ესეები, მოთხრობები, კინოსცენარები (23 ფილმისთვის). ითამაშა 53 ფილმში, უკრავდა დასარტყამებზე, თანამშრომლობდა ბობ დილანთან... სემ შეპარდის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ ნეკროლოგებში მის ასეთ აქტიურობას სხვადასხვანაირად ხსნიდნენ, თუმცა ბევრს აღუნიშნავს, თითქოს სულ ეჩქარებოდა, უმოქმედობის ყველაზე მეტად ეშინოდა და ყველა სფეროში უნდოდა ძალების მოსინჯვაო.

სემ შეპარდის სცენარები არ წამიკითხავს, თუმცა მაინც მგონია, რომ მისი შემოქმედების სინთეზური ბუნება და ხელოვნების დარგების გაერთიანების სურვილი, განსხვავებულად ვლინდებოდა თეატრსა და კინოში. თუკი პიესებში ზედმიწევნით მკაფიოდ აირეკლება ავტორის ბიოგრაფია, ამბოხების დაუოკებელი ვნება, შეპარდი, როგორც კინოდრამატურგი, მუდმივად ღიაა მისგან განსხვავებული სამყაროს მიმართ და ცდილობს მოიგონოს ისეთი ისტორიები, რომელთა სრულფასოვანი გამოხატვა მხოლოდ და მხოლოდ კინოკამერით იქნება შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით შეპარდის, როგორც კინოსცენარისტის შემოქმედების მწვერვალია ვიმ ვენდერსის ფილმი „პარიზი-ტეხასი“, თავიდან ბოლომდე აგებული მოძრავ, დაუმორჩილებელ კინოსახეებზე, სიტყვით გამოუხატავ გრძნობებზე, დანახვასა და მზერათა დრამატურგიაზე. ეს უკანასკნელი შეპარდის, როგორც კინომსახიობის თამაშის სტილს განსაზღვრავს. თავისთავად უკვე საინტერესოა, არა? მწერალი, როგორც არტისტი, დიდი დრამატურგი კამერის წინ! სემ შეპარდი ამ მხრივაც უნიკალურია.

შეპარდს ეს უნარი - უკან გადასწიოს ამბავი კინოსახეების სასარგებლოდ, მის პირველსავე კინოროლებში „დაანათლეს“. ტერენს მალიკი, რომელმაც შეპარდი თავის საუკეთესო ფილმში, „მკის დღეებში“ (1978) გადაიღო, ფაქტობრივად მხოლოდ კინოკამერის წინ უამბობდა მსახიობებს რა უნდა ეთამაშათ, მოითხოვდა რა მათგან აბსოლუტურ იმპროვიზაციას. საინტერესოა, რომ აქ შეპარდისთვის, რომლის გმირს სახელი არა აქვს (უბრალოდ, ფერმერია), საგანგებოდ შეირჩა სტატიკური კადრები (განსხვავებით ფილმის სხვა პერსონაჟებისგან). შეპარდს, ამ შემთხვევაში როგორც თეატრის დრამატურგს, სცენაზე უნდა ეგრძნო თავი, შეენარჩუნებინა დისტანცია მაყურებელთან. წარმატებულმა დებიუტმა კინოში თითქოს ფრთები შეასხა - ამიერიდან თითქმის ყველა რეჟისორის შეთავაზებაზე თანხმდებოდა, თამაშობდა პოლიციელებს და ბანდიტებს, სენატორებს და გამომგონებლებს... კინოს სამყარო მის პირად ცხოვრებაშიც შეიჭრა; 1982 წელს, გრემ კლიფორდის „ფრენსისის“ გადაღებაზე გაიცნო ჯესიკა ლანგი, რომელთანაც ერთად კიდევ 27 წელი იცხოვრა. ასე რომ, ფილმი „სოფელი“, რომლის სრული ვარიანტი შემთხვევით აღმოვაჩინე იუტუბზე, შეყვარებული წყვილის თავისებური პერფორმანსია, ორი დიდი არტისტის ბენეფისი.

რიჩარდ პირსის „სოფელი“ განსაკუთრებული მხატვრული ღირებულებებით არ გამოირჩევა. გაკოტრებული ამერიკელი ფერმერების ამბავი გასული საუკუნის 80-იანი წლების კინოში უფრო საინტერესოდაც ასახულა. მაგრამ ტრადიციული თხრობა და ფრიად მოკრძალებული რეჟისურა არა მარტო გვეხმარება კიდევ ერთხელ დავაფასოთ ორი დიდი მსახიობი, არამედ დავაკვირდეთ მათ ურთიერთობასაც. სხვათა შორის, ამ წყვილში ჯესიკას აშკარად დომინანტური პოზიცია უკავია. მისი გმირი, ჯევილი, რომელსაც ერთდროულად ბუნებამაც უღალატა და ხელისუფლებამაც, რომელიც კარგავს ერთადერთს, რაც გააჩნია - მიწას, ბოლო წუთამდე არ ნებდება და აგრძელებს ბრძოლას. კი, აღარაფერი დარჩა. თუმცა ჰყავს გილი, სემ შეპარდის შესრულებით - თითქოს უკან რომ იხევს, აღარ სჯერა, მაგრამ ღირსებას მაინც ინარჩუნებს, ძალიან ღიად ჩანს ფილმში ეს პროცესი - ადამიანის გაძლიერება მეორე ადამიანით, სოლიდარობის განცდა, სწორედ ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია უსამართლო სისტემას. სემ შეპარდი აქ გარკვეული თვალსაზრისით მაყურებლის როლსაც თამაშობს... გაწბილებულია იმით, რომ ვერ იწინასწარმეტყველა ცვლილებები, რომელიც ყველაფერს დაუკარგავდა, ვერ გაითვალისწინა, რომ მსხვერპლი ინდუსტრიალიზაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია. მეტიც, ამ პროცესს შეიძლება შეეწიროს არა ერთი ან ორი ადამიანი, არამედ მთელი სოფელიც. შეპარდი და ლანგი, აქაც, ცხადია, დაჩაგრულის მხარეს არიან. აქაც უარს ამბობენ დისტანციაზე თავიანთ პერსონაჟებთან. იმდენად გათავისებული აქვთ ეს როლები, რომ მაყურებლისთვის ძნელი წარმოსადგენია ჰოლივუდის რომელიმე სხვა ვარსკვლავი პირსის ამ ფილმში.

ვფიქრობ, რიჩარდ პირსისთვის სემ შეპარდის მოწვევა პრინციპული საკითხი იყო. „სოფელი“ ხომ თავიდან ბოლომდე შეპარდის დრამატურგიის გავლენით გადაღებული ფილმია. ამერიკული ოჯახი ერთ-ერთი ცენტრალური თემაა სემ შეპარდის შემოქმედებაში. მისი „საოჯახო ტრილოგიის“ პიესებში მოქმედება სწორედ იმ ფერმებში ხდება, რომლებიც განწირულია ნგრევისა და გაჩანაგებისთვის. სახლისა და მიწის დაკარგვა ამ ხალხისთვის სამყაროს განადგურებაა, ამიტომაც მათ არაფერი რჩებათ ამბოხების გარდა. სულერთია, რადაც არ უნდა დაუჯდეთ ეს პროტესტი.

ასე რომ, შეპარდს თეატრისთვის არც კინოში უთქვამს უარი. სადაც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა გაეკეთებინა, ეს კაცი სისტემას და მოჩვენებით სტაბილურობას არასდროს დამორჩილებია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG